Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს - რა არ უნდა გამოგრჩეს 26 მაისს


რა იგეგმება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად?

დღეს, 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 11 საათიდან დაიწყება.

12 საათზე თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში წვევამდელები დადებენ სამხედრო ფიცს, მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში გამოიფინება სამხედრო ტექნიკა. იქნება საჰაერო ჩვენებაც სუ 25-ების, მი 24-ებისა და იროკეზების მონაწილეობით.

ღონისძიებებს დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული ელჩები. შესრულდება ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები. საღამოს კი თბილისში კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებების გამო გადაიკეტება თბილისის ცენტრალური გამზირი. შეიცვლება ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც. როგორ შეძლებ დღეს ტრანსპორტითა და ავტომობილით გადაადგილებას - წაიკითხე აქ.

364-ე მუხლის ლაბირინთი და კმაყოფილება ამერიკის საელჩოს პასუხით

აშშ-ის საელჩომ 25 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერაზეა საუბარი.

„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში“.

განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ აღარ/ვეღარ მიდის აშშ-ში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, სპეციალური პროგრამის ფარგლებში. ბოლო დღეებში ხელისუფლების ოპონენტებმა ერთმანეთთან დააკავშირეს რამდენიმე ფაქტი და თქვეს, რომ შესაძლოა შემთხვევითი არ ყოფილიყო მოსამართლე ჩხიკვაძის საელჩოს პროგრამიდან ამოღება. ის ერთგვარ „სანქციად“ იყო აღქმული გვარამიას განაჩენის კონტექსტში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საელჩოს განცხადება ამ მოსაზრების გაქარწყლებად აღიქვა. „რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს დაადასტურა ამერიკის საელჩოს განცხადებამ და ცივი წყალი გადაესხა ამით ოპოზიციის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკის საელჩო სჩადიოდა დანაშაულს, იბარებდა მოსამართლეს, ახორციელებდა ზეწოლას მოსამართლეზე, სასამართლოზე და ცდილობდა არაფორმალურ მმართველობას“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მას არ დაუკონკრეტებია, რას ნიშნავს „დაბარება“ და რომელი ოპოზიციონერი დეპუტატი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის საელჩო დანაშაულს სჩადიოდა.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

კი არ აიჩემა, რომ არ უნდა და არ ჭამს, ის ვერ ჭამს - რა წერია სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიაში?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 13-დღიანი მკურნალობისა და კვლევების ამსახველი ავადმყოფობის მრავალგვერდიანი ისტორია მის პირად ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს კლინიკა „ვივამედმა“ 24 მაისს გადასცა.

ისტორიას გაეცნო ექიმი თენგიზ წულაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრია. ის ამბობს, რომ პაციენტის ბოლო მონახულების შემდეგ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, კვების დეფიციტის გამო დამძიმდა და პენიტენციურმა დაწესებულებამ სწორედ ამ მიზნით მიიღო მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებაც.

აი, დიაგნოზთა ჩამონათვალი ავადმყოფობის ისტორიიდან:

  • დადასტურებული პოლინეიროპათია;
  • ადაპტაციური აშლილობა პროლონგირებული დეპრესიით;
  • ეროზიული გასტრიტი;
  • თალასემიით გამოწვეული ანემია;
  • პრედიაბეტი.

რა აჩვენა მრავალგვერდიანმა ანამნეზმა და რა შეიძლება მოხდეს, თუ სააკაშვილის მდგომარეობა დროში გახანგრძლივდა? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

პუტინმა გაამარტივა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების მიღება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებლებს უფლებას აძლევს, გამარტივებული წესით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.

ისინი რუსეთის პასპორტების მიღებას შეძლებენ იმავე პროცედურით, რაც მოქმედებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, რომლებსაც მოსკოვი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მიიჩნევს.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები ნაწილობრივ დაექვემდებარა რუსეთის ჯარების კონტროლს. საქმე ეხება ხერსონის ოლქის უდიდეს ნაწილს ოლქის დედაქალაქის ჩათვლით და ზაპოროჟიეს ოლქის ნახევარს. თავად ქალაქ ზაპოროჟიეს უკრაინა აკონტროლებს.

წაიკითხე მეტი.

ზელენსკი ამბობს, რომ ევროპა უნდა გაერთიანდეს რუსეთთან ომში უკრაინის მხარდასაჭერად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ დასავლეთმა, კერძოდ, ევროპამ, უნდა განამტკიცოს ერთიანობა და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან ომში, რომელიც უკრაინის მხრიდან პროვოკაციის გარეშე დაიწყო.

მსოფლიო საერთაშორისო ფორუმზე შვეიცარიაში, დავოსში, ერთ-ერთ სამუშაო ჯგუფში ვიდეოგამოსვლისას 25 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მადლობელია საფინანსო და სამხედრო მხარდაჭერისთვის, რომელიც კიევს აღმოუჩინეს რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მაგრამ, ბზარები ევროპის ერთიანობაში ხელს უშლის სამხედრო ძალისხმევას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა კიევის პოზიცია, რომ უკრაინას არ სურს რუსეთს დაუთმოს თავისი არცერთი კუთხე.

წაიკითხე მეტი.

როგორ გააქრეს 26 მაისი

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, ორჯერ აღნიშნა - 1919 და 1920 წლებში, 1921 წელს კი, როცა თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებდა, 26 მაისი აღნიშნეს ქართველმა ბოლშევიკებმა, რომლებიც ოკუპაციის პირველ თვეებში ჯერ კიდევ ვერ ბედავდნენ ხმამაღლა ლაპარაკს საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობაზე.

ყველაფერი შეიცვალა 100 წლის წინ, 1922 წელს, როცა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ „ნამდვილ დამოუკიდებლობის დღესასწაულად“ სულ სხვა თარიღი გამოაცხადა, 26 მაისს ქუჩაში გასულ მოქალაქეებს კი ტყვია და კონდახები დაუშინა.

„წითელი არმიის მიერ დაპყრობილმა საქართველომ, მიუხედავად ჩეკას (ЧК - საგანგებო კომისია) სასტიკი რეპრესიებისა, დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი მაინც აღნიშნა, - წერდა 1922 წელს პარიზში გამოსული ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“, - 22 და 23 მაისს უკვე მთელმა საქართველომ და მასთან ერთად ბოლშევიკებმაც იცოდნენ, რომ 24, 25 და 26 მაისს მოხდებოდა ყველგან დამპყრობელთა საწინააღმდეგო დემონსტრაციები და გამოსვლები, ამიტომ ორივე მოწინააღმდეგე მხარე შეუდგა მზადებას“.

როგორ გააქრეს 26 მაისი, წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

თბილისის მეტროში, მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მგზავრთა დიდი ნაკადის გამო 25 მაისს საცობი შეიქმნა. ეს ის სადგურია, რომელზეც თბილისის მეტროს ორი ხაზი ერთმანეთს უკავშირდება.

XS
SM
MD
LG