Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: საქართველო არ აპირებს "დრო იხელთოს" და ძალით დაიბრუნოს ტერიტორიები


საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები
საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას მიმართავს და უკრაინაში ომის დროს წარმოებულ რუსულ დეზინფორმაციაზე უყვება. ამ საკითხზე ყურადღება პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა.

"ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს, საქართველომ შეიძლება "დრო იხელთოს" და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება - ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა", - თქვა ზურაბიშვილმა.

მან რუსეთის პროვოკაცია უწოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ლიდერის მიერ რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას.

"გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს", - თქვა მან.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG