Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ დაიცვა ორმა სახელმწიფომ 26 წლის ქალი გამოცხადებული მკვლელობისგან?


26 წლის როზეტა ყალიჩავა, სავარაუდოდ, ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი - ექვსი, ოთხი და ორი წლის შვილები დარჩა. მკვლელობა 24 მაისს, საღამოს 10 საათისთვის, პოლონეთის ქალაქ ლოძში, როინას 50 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ამ ბინაში როზეტა ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა.

როზეტა ყალიჩავას სახლი პოლონეთის ქალაქ ლოძში
როზეტა ყალიჩავას სახლი პოლონეთის ქალაქ ლოძში

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, როზეტამ დახმარება ითხოვა. დახმარების თხოვნით კი მან საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას, „საფარს“ მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ „საფარის“ იურისტმა ქალის გადასარჩენად საქმის კურსში ჩააყენა როგორც საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ისე პოლონეთში საქართველოს საელჩო, ქალის დაცვა მაინც ვერ მოხერხდა. 42 წლის ქმარმა, რომელიც ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, 24 მაისს ქალს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

როზეტა პოლონეთში სამ შვილთან, ქმართან, ძმასთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობდა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ დარჩელიდან იყო. რამდენიმე წლის წინ, პოლონეთში სამუშაოდ ჯერ მისი ძმა წავიდა. შემდეგ ქმარი. ერთი წლის წინ კი შვილებთან ერთად ისიც პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე - აღდგენილი ქრონოლოგია

როზეტა ყალიჩავა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტს, თამარ ლუკავას, პირველად რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირდა.

როგორც თამარი გვიყვება, იმ პერიოდისთვის ქალს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინა, ამბობდა, რომ ძმის გამო ფრთხილობდა, არ უნდოდა, მისთვის „პრობლემები შეექმნა“. იმასაც ამბობდა, რომ ძალადობის დამადასტურებელი ფაქტები არ ჰქონდა და შიშობდა, რომ პოლიცია არ დაუჯერებდა.

თამარ ლუკავამ აუხსნა, როგორ შეეგროვებინა მას ძალადობის დამადასტურებელი ფაქტები და ურჩია დაუყოვნებლივ მიემართა პოლიციისთვის:

თამარ ლუკავა
თამარ ლუკავა

„მომწერა, რომ რამდენჯერმე მეზობლებმა გამოიძახეს პოლიცია და ადგილზე მისულ პოლიციელებს ვერ გააგებინა, ვერ აუხსნა, რომ ქმარი მასზე ძალადობდა, რადგან ენა არ იცოდა. ვუთხარი, რომ აუცილებლად მიემართა პოლიციისთვის და თუ თვითონ ვერ შეძლებდა პოლიციაში შეტყობინების გაკეთებას, მაშინ ისევ მე დამკავშირებოდა და მე დავეხმარებოდი საქართველოდან“.

21 მაისი - პოლიციის პირველი გამოძახება

21 მაისს, როზეტა ყალიჩავამ „საფარის“ იურისტს კვლავ ფეისბუქის საშუალებით მისწერა. უთხრა, რომ სახლში მარტო იყო და მზად იყო პოლიციისათვის ჩვენება მიეცა, თუმცა, თარჯიმნის დახმარება სჭირდებოდა, რადგან ენა არ იცოდა. უთხრა, რომ ჰქონდა ძალადობის ამსახველი მტკიცებულებებიც. ერთ-ერთი კონფლიქტის დროს მან აუდიო-ჩანაწერის გაკეთება მოახერხა:

„მაშინვე დავუკავშირდი პოლონეთში საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც პოლიციაში ძალადობის შესახებ განაცხადი გააკეთა. პოლიცია ადგილზე მივიდა, თუმცა მათ ქართულენოვანი დამხმარე არ ახლდათ, შესაბამისად, ვერ გაიგეს, ეს გოგო რას ეუბნებოდა. მოუსმინეს, მისი საუბარი სპეციალური პროგრამის საშუალებით თარგმნეს, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ვერ მოახდინეს პრობლემის იდენტიფიცირება და წავიდნენ“, - გვიყვება თამარი.

პოლიციის ეკიპაჟის წასვლის შემდეგ, როზეტამ კვლავ მისწერა თამარს.

21 მაისი - პოლიციის მეორე გამოძახება

„პირველი ეკიპაჟი რომ წავიდა, მაშინვე მომწერა და მითხრა, პოლიცია მოვიდა, თუმცა, მათ მოსვლას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და ისევ მარტო დავრჩიო“.

როზეტას შეტყობინების შემდეგ, თამარმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მიმართა და აცნობა, რომ პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა საფრთხეში, იყო ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და დახმარება სჭირდებოდა:

„შსს-ში მითხრეს, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პოლიციის ატაშეს პოლონეთში და ქალის სახლში გაიგზავნა პოლიციის მეორე ეკიპაჟი. თუმცა, არც ამ ეკიპაჟს ახლდა თარჯიმანი. ისევ მოუსმინეს მას, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვეს ტერიტორია და ერთადერთი, რაც უთხრეს, იყო ის, რომ მიემართა საქართველოს საკონსულოსთვის და საკონსულო დაეხმარებოდა თარჯიმნის გამოყოფაში. ამის შემდეგ კი ის უკვე თავად უნდა მისულიყო თარჯიმანთან ერთად პოლიციაში“.

21 მაისი - ზარი პოლონეთში საქართველოს საელჩოში

თამარ ლუკავამ მაშინვე დარეკა პოლონეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე, შეტყობინება გააკეთა საქართველოს მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე და დახმარება ითხოვა:

„საელჩოს წარმომადგენელს ვუთხარი, რომ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდა პრობლემა, იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ავუხსენი, რომ ქმარს ჰქონდა ინფორმაცია პოლიციის გამოძახების შესახებ და ვუთხარი, რომ ქალი საფრთხეში იყო და სასწრაფოდ სჭირდებოდა ქართულენოვანი პირი, რომელიც დაეხმარებოდა და წაჰყვებოდა პოლიციაში, რომ საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ პოლიციისთვის“.

როგორც თამარ ლუკავა გვეუბნება, საელჩოს წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა:

„პოლიციის ატაშეს მიმართეთო. თან ისიც მითხრა, ამდენი წელი თუ ძალადობის მსხვერპლი იყო, აქამდე სად იყოო. მივხვდი, რომ მათთან საუბრით დროს ვკარგავდი. გავთიშე და გადავურეკე ისევ შსს-ოს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს და ვუთხარი, რომ მეორე ეკიპაჟსაც არ ჰქონია არანაირი რეაგირება. ვუთხარი, რომ მქონდა ინფორმაცია, რომ ქმარი მიდიოდა სახლში და იცოდა, რომ ოჯახში პოლიცია იყო მისული და შესაძლებელი იყო, რომ ბევრად უფრო მძიმე ძალადობის ფაქტი მომხდარიყო. თან ვუთხარი, რომ თუ არ სჯეროდა იქაურ პოლიციას, რომ ეს ქალი ძალადობის მსხვერპლი იყო, მქონდა მიმოწერები და აუდიო-შეტყობინებები, სადაც ქალი მეუბნება, რომ ეშინია და მთხოვს, რომ დავეხმარო. დეპარტამენტს ეს შეტყობინებები გავუგზავნე და ვუთხარი, რომ ეს ინფორმაცია მიეწოდებინათ საქართველოს ატაშესთვის, რომელიც თავის მხრივ, ადგილობრივ პოლიციას დაარწმუნებდა, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლია“.

21 მაისი - პოლიციის მესამე გამოძახება

მას შემდეგ, რაც პოლიცია მესამედ მივიდა როზეტას სახლში, ისინი უკვე პირადად შეესწრნენ ფაქტს, როდესაც როზეტას ქმარი, ყვიროდა და იგინებოდა. კაცი პოლიციამ ადგილზევე დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანეს. როზეტა კი მეორე დღეს დაიბარეს პოლიციაში ჩვენების მისაცემად.

22 მაისი - ჩვენება პოლიციას

როზეტამ პოლონეთის პოლიციას ჩვენება 22 მაისს, თარჯიმნის თანდასწრებით მისცა. პოლიციის შენობიდან გამოსულმა კი ისევ თამარს მისწერა:

„მითხრა, რომ ქმარი დაკავებული იყო. პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერიც გამოსცა და სახლში მივდივარო. ისიც მომწერა, რომ საქართველოში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი“.

23 მაისი - უკანასკნელი მიმოწერა

როზეტამ თამარ ლუკავას უკანასკნელად 23 მაისს, დღის 12 საათისათვის მისწერა. შეატყობინა, რომ ქმარი პოლიციამ გაათავისუფლა, სახლში მივიდა, შერიგებას და ჩვენების შეცვლას სთხოვდა:

„რის საფუძველზე გაათავისუფლეს კაცი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს არც თავად ქალმა იცოდა. მთხოვა, რომ პოლიციისთვის შემეტყობინებინა, რომ მოძალადე კვლავ მასთან ერთად იმყოფებოდა სახლში. რაც მთავარია, წინა დღეს, როდესაც ქალმა პოლიციაში ჩვენება მისცა, იქ უთხრეს, რომ თუკი მსგავსი პრობლემა განმეორდება, ისევ იგივე გზით შეგვატყობინეო. ანუ, ქალს ჯერ ჩემთვის უნდა მოემართა, შემდეგ მე უნდა გადამეცა ეს ინფორმაცია საქართველოს შსს-ოს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტისთვის. დეპარტამენტს უნდა ეცნობებინა ეს ინფორმაცია საქართველოს ატაშესთვის პოლონეთის პოლიციაში და შემდეგ გააგზავნიდნენ პოლიციას. არავინ იფიქრა, რომ ამ გოგოსთვის პირდაპირ თარჯიმნის საკონტაქტო ინფორმაცია მიეცათ, რომ თარჯიმანს დაჰკავშირებოდა და „გაფუჭებული ტელეფონი“ არ გვეთამაშა“.

როზეტასთან საუბრის შემდეგ, თამარმა მაშინვე შეატყობინა საქართველოს შსს-ოს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს, რომ მოძალადე კვლავ ქალთან იმყოფებოდა და სთხოვა, სასწრაფოდ მისულიყო პოლიცია როზეტას სახლში:

„ეს იყო ჩემი ბოლო კომუნიკაცია ამ გოგოსთან. ამის შემდეგ ის აღარ დამკავშირებია. მას ყოველთვის "ფეისბუკის" საშალუალებით ვეკონტაქტებოდი, რადგან ტელეფონი ქმარმა წაართვა და ბავშვების პლანშეტით, „მესენჯერით“ მწერდა. ვვარაუდობ, რომ იმ დღეს მას ქმარმა პლანშეტიც წაართვა და აღარც "ფეისბუკთან" ჰქონდა წვდომა. ქალის გარდაცვალების შესახებ ამ დილით შევიტყვე“.

რას წერს პოლონური მედია

თუკი პოლონურ მედიას დავეყრდნობით, 26 წლის როზეტა ყალიჩავა 24 მაისს, სამშაბათს, საღამოს ათი საათისთვის დაჭრა ქმარმა.

პოლიცია როინას 50 ნომერში მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც როზეტას სახლიდან ყვირილის ხმა გაიგეს და მალევე კვამლი შენიშნეს.

როგორც პოლონური ონლაინ მედია პლატფორმა wiadomosci.live წერს, ცეცხლმოკიდებული ბინიდან 26 წლის ქალი და 42 წლის კაცი გამოიყვანეს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდათ სხეულზე. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. კაცის მდგომარეობა მძიმეა და ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ლოძის რაიონული პროკურატურის პრეს-სპიკერმა კშიშტოფ კოპანიამ 25 მაისს, პოლონურ მედიას უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

კშიშტოფ კოპანია
კშიშტოფ კოპანია

„წინასწარი მონაცემებით, მოხდა აალებადი ნივთიერების გაჟონვა, რასაც ბინაში ხანძარი მოჰყვა. 26 წლის ქალს, რომელიც ამ მისამართზე ცხოვრობდა, ყელის არეში მიყენებული ჰქონდა ჭრილობები. სამწუხაროდ, ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მისი 42 წლის პარტნიორი კლინიკაში რჩება. მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით არ გვაქვს საშუალება, რომ ის დავკითხოთ“.

პროკურატურის პრეს-სპიკერის განცხადებითვე, გრძელდება მოწმეების გამოკითხვა, რომლებმაც ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე, 42 წლის კაცი დანით ხელში დაინახეს.

როგორც საფარის იურისტი, თამარ ლუკავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია მათ პოლონეთში საქართველოს საელჩოსთან აქვთ, რადგან თვლის, რომ საელჩოს არ ჰქონდა სათანადო რეაგირება ინფორმაციაზე, რომელიც ძალადობის მსხვერპლ საქართველოს მოქალაქეს ეხებოდა:

„ჩვენ მაშინვე შევატყობინეთ საელჩოს, რომ საქართველოს მოქალაქეს დახმარება სჭირდებოდა. გასაგებია, რომ გადაგვამისამართეს საქართველოს ატაშესთან პოლონეთის პოლიციაში, მაგრამ მათ, როგორც საელჩოს, ჰქონდათ ვალდებულება, რომ გაერკვიათ, ხომ არ სჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეს დამატებითი დახმარება. მე მათ გადავუგზავნე ქალის მისამართიც, რომ სცოდნოდათ, სად ცხოვრობდა და რომ მას დახმარება სჭირდებოდა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ გეგმავს, რომ 26 წლის ქალის მკვლელობის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღოს.

რა რეაგირება ჰქონდა საელჩოს საქართველოს მოქალაქის მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციაზე? ამ კითხვით მივმართეთ პოლონეთში საქართველოს საელჩოს. თუმცა, საელჩოს წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კონკრეტულ კითხვაზე კომენტარს არ აკეთებს და წერილობით გვპასუხობს:

„პოლონეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში დაიწყება შესაბამისი პროცედურები. საგამოძიებო სამუშაოების გათვალისწინებით, პირველივე შესაძლებლობაზე მოხდება [გარდაცვლილის] გადმოსვენება“.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე ინფორმირებულ კიდე ერთ უწყებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. თუმცა, პასუხი კითხვაზე, კონკრეტულად რა ღონისძიებები გაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამინისტროს ატაშემ პოლონეთის პოლიციაში იმისათვის, რომ ქალის სიცოცხლე გადაერჩინათ, ვერ მივიღეთ.

როზეტას ოჯახი ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს თხოვნით, რომ დროულად მოხდეს გარდაცვლილის გადმოსვენება და მისი სამი მცირეწლოვანი შვილის საქართველოში ჩამოყვანა.

როზეტა ყალიჩავას სახლი სოფელ დარჩელში
როზეტა ყალიჩავას სახლი სოფელ დარჩელში

უკანასკნელი პოსტი სოციალურ ქსელში როზეტა ყალიჩავამ გარდაცვალებამდე, ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ის აზიარებდა სხვადასხვა მედიასაშუალების, მათ შორის, რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისში, ბოლო დღეებში მომხდარი ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის ფაქტების შესახებ.

როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება როზეტა ყალიჩავას ოჯახის ახლობელი, მას საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი 12 ივნისისთვის ჰქონდა აღებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG