"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს დამოუკიდებლობის დღეს ნათქვამი სიტყვის გამო. კობახიძემ გამოყო ორი თემა - სასამართლო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - რომლებზეც, მისი შეფასებით, პრეზიდენტის სიტყვაში არასწორი აქცენტები იყო დასმული. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს, 27 მაისს, პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრობლემაა, როცა პრეზიდენტმა არ იცის, რაზე უნდა ისაუბროს საზეიმო დღეს.
"რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადება, მე მგონი, სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო, ამას ძალიან თამამად ვამბობ. ჯერ ერთი, 26 მაისს, საზეიმო დღეს, როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამაზე უნდა მივანიშნოთ, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი. რაც შეეხება სასამართლოს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მან ამ განცხადებით სინამდვილეში პრეზიდენტის ინსტიტუტი დააზიანა. კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო", - თქვა კობახიძემ. მისი შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება სასამართლოსთან დაკავშირებით იყო უარგუმენტო კრიტიკა და თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან, რაც, კობახიძის თქმით, "არის სერიოზული პრობლემა და გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს."
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სამართლიან სასამართლოს საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს და დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.
"სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და, ცოტა არ იყოს, სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ", - ეს არის ფრაგმენტი საქართველოს პრეზიდენტის 26 მაისს ნათქვამი მიმართვიდან.
ირაკლი კობახიძემ დღეს საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დამოკიდებულების გამოც და თქვა, რომ მისი განცხადების ეს ნაწილი კიდევ უფრო პრობლემური იყო, ვიდრე სასამართლოს ნაწილი.
"გუშინ პრეზიდენტმა პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე. ამ ფონზე სასამართლოსთან დაკავშირებული არასწორი განცხადება, არის არაფერი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
26 მაისს წარმოთქმულ სიტყვაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა უკრაინის ომზე საუბრის შემდეგ.
"ამ დროს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს, საქართველომ შეიძლება „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება - ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს.
ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებული განცხადება არ არის პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს. საქართველოს პრეზიდენტი ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა რამდენიმე თვის წინ, როცა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მთავრობამ არ მისცა ოფიციალური საერთაშორისო ვიზიტების განხორციელების უფლება.
დაწერეთ კომენტარი