Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ადმინისტრაცია: სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლებია


ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. 2022 წლის 26 მაისი
ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. 2022 წლის 26 მაისი

უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე წერს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი. მისი ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები ქალაქის სიღრმისკენ მიიწევენ.

ჰაიდაის თანახმად, სევეროდონეცკის ქუჩებში რუსი სამხედროების გვამებია, რამაც სიცხის გამო შესაძლოა, ინფექციის გავრცელების პროვოცირება გამოიწვიოს.

ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სევეროდონეცკისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა თითქმის 100%-ითაა დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების 90%. ჰაიდაის ცნობითვე, უკრაინის კონტროლქვეშ რჩება სევეროდონეცკის მეზობელი ქალაქი ლისიჩანსკი.

ეს ცნობა ჰაიდაიმ კიევის დროით დაახლოებით 10:30 საათისთვის გამოაქვეყნა. საათნახევრით ადრე საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იუწყებოდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები შევიდნენ სევეროდონეცკის გარეუბნებში.

ქალაქში არსებულ ვითარებაზე ჯერჯერობით არაფერს იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. დილით, გენშტაბში აცხადებდნენ, რომ რუსული არმიის ძირითადი ძალისხმევა ისევ მიმართულია ლუგანსკის ოლქის ქალაქების, ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის რაიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევისკენ. სევეროდონეცკი ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG