რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში საომარი მოქმედებების „პრიორიტეტად“ ასახელებს მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გათავისუფლებას“.
ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში, რომლის ტექსტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე 29 მაისს, ღამით გამოქვეყნდა, ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის დანარჩენ ტერიტორიებზე, „სადაც ცხოვრობს ხალხი, ვისაც რუსეთთან კავშირების გაწყვეტა არ სურს, საკითხს ამ ოლქების მოსახლეობა გადაწყვეტს“.
როგორც ლავროვი ამბობს, „არ ფიქრობს, რომ ისინი ბედნიერი იქნებიან ნეონაცისტური რეჟიმის მმართველობაში დაბრუნებით“.
ბოლო ხანს, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განზრახვაზე ალაპარაკდნენ უკრაინის ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში მოსკოვის მიერ დანიშნული ე.წ. "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები". ამ ორ ოლქს ნაწილობრივ რუსული არმია აკონტროლებს.
2014 წელს, რუსეთმა მასთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება უზრუნველყო ყირიმში, ხოლო ე.წ. დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად უკრაინის კიდევ ორ ტერიტორიაზე - დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინაზე თავდასხმამდე, 2022 წლის 24 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა "რეფერენდუმების" საფუძველზე შექმნილი, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".