ბათუმის საკრებულოს წევრებმა 18 ხმით, თავმჯდომარედ აირჩიეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რამაზ ჯინჭარაძე. მის კანდიდატურას 17 თანაპარტიელის გარდა, მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ, რომელსაც ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრის სტატუსი აქვს. დღეს თავდგირიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
დღევანდელი სხდომის დაწყებისთანავე საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადა პარტია „ლელოდან“ ბათუმის საკრებულოში არჩეულმა ერთადერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ. მან მიზეზად ის დაასახელა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულმა „სამარცხვინო არჩევნებმა“ დემოკრატიული პროცესი დააზიანა და საკუთარ თავს საკრებულოში ვეღარ ხედავს. კანონის თანახმად, კუპრაძე უნდა შეცვალოს "ლელოს" პროპორციული სიის მომდევნო წევრმა.
დღევანდელ სხდომას ოპოზიციიდან ესწრებოდა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე, რომელმაც თავმჯდომარის ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
ბათუმის ამ მოწვევის საკრებულომ საკუთარი უფლებამოსილება 2021 წლის 3 დეკემბერს ცნო და მას შემდეგ სხდომების მოწვევას და გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის, თავმჯდომარის არჩევას ვეღარ ახერხებდა კვორუმის პრობლემის გამო.
2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად პარტია "ქართულმა ოცნებამ" ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. თუმცა, არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგად, მმართველმა პარტიამ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარედ თავისი კანდიდატის გაყვანა.
- 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებით, 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1. საკრებულოში გადაწყვეტილებების მისაღებად სულ მცირე 18 ხმაა საჭირო, შესაბამისად, ოპოზიცია უმრავლესობაში აღმოჩნდა.
- არჩევნებიდან მალევე, ოქტომბრის ბოლოს, პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიით არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად იმუშავებს. თავდგირიძემ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "ლელოსთან" ნებისმიერი სახით თანამშრომლობა და მით უმეტეს, მათთან კოალიცია.
- ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში 18 წევრი დარჩა, თუმცა, ნოემბერში გარდაიცვალა საკრებულოს მაჟორიტარ წევრად „ნაციონალური მოძრაობიდან" არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე.
- დეპუტატის გარდაცვალების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამოაქვეყნეს აუდიომასალა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ფარულად ჩაიწერა თავად ნუგზარ ფუტკარაძემ. ჩანაწერის მიხედვით, ორი პირი მესამეს, სავარაუდოდ, ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს და ბათუმის საკრებულოში მუშაობა დამოუკიდებელ წევრად გააგრძელოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თანაპარტიელის გარდაცვალება დაუკავშირა „ქართული ოცნების“ ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას, რაც მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყვეს.
- ნუგზარ ფუტკარაძის ადგილმონაცვლის ასარჩევად 2022 წლის 2 აპრილს, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ჩატარდა შუალედური არჩევნები, რომლის შედეგს უნდა გადაეწყვიტა, დარჩებოდა თუ არა ოპოზიციას უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში.
- შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე.
- ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა ხმების 69.04%-ით.
შუალედური არჩევნების შემდეგ, ბათუმის საკრებულოში კრიზისი გაგრძელდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ წევრებმა უარი თქვეს რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობაზე.
25 მაისს, საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, მაჟორიტარული სისტემით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების და პროპორციული საარჩევნო სისტემით საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობას საკრებულოს თანხმობა აღარ სჭირდება და ეს მოხდება ცესკოს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე.
კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ცვლილება გათვალისწინებული იყო მხოლოდ მაჟორიტარული წესით არჩეული წევრისთვის, ამიტომ, ოპოზიციაც და არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამას უკავშირებდნენ ვითარებას ბათუმის საკრებულოში, სადაც ახალარჩეული მაჟორიტარის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლის უფლებამოსილების ცნობაზე ოპოზიცია უარს ამბობდა, მმართველ პარტიას კი, ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.
საარჩევნო და თვითმმართველობის კოდექსებში შესატანმა ცვლილებებმა, საბოლოოდ, მიიღო კომპრომისული ვარიანტის სახე და პროპორციული წესით არჩეულ წევრებზეც გავრცელდა. საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს მხარი დაუჭირეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმაც. ამის მიზეზი იყო სენაკის საკრებულოში შექმნილი ანალოგიური კრიზისი, რადგან იქ პროპორციული სიით არჩეული ოპოზიციონერი წევრის უფლებამოსილების ცნობა ვერ ხერხდებოდა.
თანაპარტიელების მიერ საქართველოს პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას "ძალიან დიდ შეცდომას" უწოდებდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი რევაზ ხარაზი. "ამიტომაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არც ოპოზიციას ენდობა და არც ხელისუფლებას", - უთხრა 27 მაისს რადიო თავისუფლებას რევაზ ხარაზმა. პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ უკმაყოფილებას გამოხატავდა "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძეც: "ბათუმის "გაპრავების" ხარჯზე სენაკის საკრებულოში დაიბრუნა ოპოზიციამ უმრავლესობა, რაც არ მგონია მართალი, პირველ რიგში, საკუთარ თავთან და ამომრჩევლებთან".
დღეს, 30 მაისს, ბათუმის საკრებულოს სხდომის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს და მედიას აცნობეს, რომ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ. "ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, საკანონმდებლო ცვლილებაც კი მიიღო, რომ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება ეცნო. სამწუხაროდ, ჩვენმა თანაპარტიელებმაც მიიღეს ამაში მონაწილეობა, დაუჭირეს მხარი ჩვენთან კონსულტაციების გარეშე", - თქვა საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლაშა კილაბერიამ. ამასთან, პარტიის წევრები საკრებულოს მომდევნო სხდომებზე დასწრებას აპირებენ.
კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბათუმის საკრებულო უფლებამოსილების ცნობიდან, ანუ 3 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებდა სხდომის გამართვას, მუნიციპალიტეტში საჭირო გახდებოდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
დაწერეთ კომენტარი