Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას გადასცემს სარაკეტო სისტემებს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება. ბაიდენმა 31 მაისს, გამოცემა New York Times-ში გამოაქვეყნა ოფიციალური პოზიცია იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს აშშ უკრაინაში და რას - არა.

პრეზიდენტს კონკრეტული სარაკეტო სისტემა არ დაუსახელებია, თუმცა, თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS-ს.

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის მიზანი მარტივია - მას სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შეუძლია შემდგომი აგრესიისგან თავის დაცვა, ამიტომ გადაწყვიტა, უკრაინელებს გადასცენ უფრო სრულყოფილი სარაკეტო სისტემები და საბრძოლო მასალები, რაც მისცემთ ბრძოლის ველზე, გადამწყვეტ სამიზნეებზე უფრო ზუსტი დარტყმების შესაძლებლობას.

პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, აშშ უკრაინას არ მოუწოდებს იერიშებისკენ საზღვრებს გარეთ და ამ გადაწყვეტილებით, ასეთ შესაძლებლობას არ აძლევს. როგორც ჯო ბაიდენი წერს, აშშ-ს არ სურს ომის გაგრძელება მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს ზიანი მიაყენოს.

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, მისი პრინციპია, რომ უკრაინის შესახებ არცერთი გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე არ მიიღოს და არ აპირებს უკრაინის მთავრობაზე ზეწოლას, რათა ტერიტორიის დათმობაში დაარწმუნოს.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ბევრი შეშფოთებულია ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით, თუმცა, ამ ეტაპზე ვერ ხედავენ იმის ნიშნებს, რომ რუსეთი მზად არის უკრაინაში ეს იარაღი გამოიყენოს. ჯო ბაიდენი იმასაც წერს, რომ ვაშინგტონის მიზანი არ არის ნატო-რუსეთის ომი ან პუტინის დამხობა.

ტელეკომპანია CNN, სააგენტოები Reuters-ი, AFP და სხვა მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს HIMARS M142-ს. ამ სისტემას სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე.

ამასთან, აშშ უკრაინას გადასცემს HIMARS-ის მხოლოდ ისეთ ჭურვებს, რომლებსაც სამიზნეების განადგურება შეუძლია დაახლოებით 80 კილომეტრის რადიუსში. თეთრი სახლის წარმომადგენლის თანახმად, უკრაინა მიიღებს სისტემებს, რომელთა გამოყენებას შეძლებს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის შეტევების მოსაგერიებლად და არა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 31 მაისს ამერიკულ გამოცემა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შორ მანძილზე მოქმედების შეიარაღებას ითხოვენ უკრაინის ტერიტორიის დასაცავად და არა რუსეთზე თავდასხმისთვის.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით აშშ-მა, უკრაინას გაუწიეს მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება, თუმცა, კიევისთვის დღემდე გადაცემულ შეიარაღებას შორის არ არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინა განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG