საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. სხდომაზე ბრალდებული არ მიუყვანიათ - ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს განუცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს, მაგრამ ამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს.
ამის შემდეგ მოსამართლემ მხარეებს გასვლითი სხდომის გამართვა შესთავაზა, რაზეც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი სხდომაზე დასწრებას, ჯერჯერობით, ადგილზეც ვერ შეძლებს.
"გასვლით პროცესთან დაკავშირებით ამ სიტუაციაში აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არა მარტო ტრანსპორტირების, არამედ იმის შესაძლებლობას არ მისცემს, ადგილზე მიიღოს მონაწილეობა პროცესში, მაგრამ იმისდა მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები, ამ ვარიანტის განხილვაც შესაძლებელი იქნება. დღეის მდგომარეობით, არა", - უპასუხა საძაგლიშვილმა მოსამართლე ჩახნაშვილს.
გასვლითი სხდომის ჩატარების შეთავაზებას დაეთანხმნენ საქმის პროკურორებიც.
მომდევნო სხდომა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 9 ივნისს ჩაინიშნა. ეს ბრალი ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს პროკურატურამ 2021 წლის 20 ოქტომბერს წაუყენა.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ექსპრეზიდენტი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
დაწერეთ კომენტარი