Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გმირები“ თუ „საზარბაზნე ხორცი“- "სამშობლოს დამცველის" მედლები სიკვდილის შემდეგ


ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯარისკაცები. 9 მაისის საზეიმო ღონისძიებების რეპეტიცია, ცხინვალი, 7 მაისი, 2022 წ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯარისკაცები. 9 მაისის საზეიმო ღონისძიებების რეპეტიცია, ცხინვალი, 7 მაისი, 2022 წ.

უკრაინაში, ომში დაიღუპა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო, ალან დუდაევი და ოლეგ ალბოროვი, იტყობინება სააგენტო „რესი“, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებს ეყრდნობა.

„სროლისგან თავის არიდებისას, ოსეთიდან წასული მებრძოლები ავტოავარიაში მოყვნენ. ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, ორი დაიღუპა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თუ დონბასში ფაშიზმს არ მოვსპობთ, ხვალ ნეოფაშისტებს ჩვენს სამშობლოში მივიღებთ.
ალან გაგლოევი

1 ივნისს ცხინვალში დაკრძალეს უკრაინიდან ჩამოსვენებული როლანდ ცხოვრებოვი, ის უკრაინაში საბრძოლველად მოხალისედ წავიდა. გასვენებაში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განცხადა:

„დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ძალიან დიდია. ჩვენ უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ გმირს, რომელმაც აჩვენა სიმამაცისა და თავდადების მაგალითები უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დროს. ჩვენი ბიჭები აწარმოებენ თავდაუზოგავ ბრძოლას ნაცისტების წინააღმდეგ, საკუთარი სიცოცხლის ფასად, იბრძვიან თავისუფლებისთვის და ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. თუ დონბასში ფაშიზმს არ მოვსპობთ, ხვალ ნეოფაშისტებს ჩვენს სამშობლოში მივიღებთ“, აღნიშნა ალან გაგლოევმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებით როლანდ ცხოვრებოვი დაჯილდოვდა (გარდაცვალების შემდგომ) მედლით „სამშობლოს დამცველი“.

ცხინვალი
ცხინვალი

რუსეთ-უკრაინის ომიდან ცხინვალში გადასვენებულ მებრძოლებს სამხედრო პატივით, როგორც გმირებს ისე მარხავენ და ამით დაღუპულების ნათესავებს ანუგეშებენ.

ოსური საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული სამხედროების მიმართ ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა კაცების ომში გაგზავნა პატარა ეთნოსის განადგურებას უტოლდება. სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა კომენტატორმა ამ ფაქტს „ერის კასტრაციაც“ კი უწოდა.

რეგიონიდან უკრაინის ომში სულ დაღუპულია 12 მებრძოლი - როგორც მოხალისეები, ასევე რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკას აღემატება. ოჯახები ომში წასულ მებრძოლებს დიდი ხანია ვეღარ უკავშირდებიან და ეს მათ შეშფოთებას იწვევს.

ცხინვალში რუსული პროპაგანდის მედია რესურსების გარდა უკრაინულ საინფორმაციო საშუალებებსაც ეცნობიან, სადაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის 58-ე არმია თითქმის მთლიანად განადგურებულია. სწორედ რუსეთის 58-ე არმიის დაქვემდებარებაში შედის ცხინვალში განთავსებული მე-4 სამხედრო საოკუპაციო ბაზა. ამ ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ ადგილობრივი ჯარისკაცები და ბევრი მათგანი ახლა უკრაინაშია გადასროლილი.

უკრაინული მედიით გავრცელებული ცნობის შემდეგ, ცხინვალში ყოველდღე ცუდი ამბის მოლოდინში არიან.

რობერტ მამისაშვილი ცხინვალელია და მას ოკუპირებულ ქალაქში ნათესავები და ნაცნობ-მეგობრები დარჩა. მათგან იცის, რომ ოჯახებს ომში გაშვებული მებრძოლების დაბრუნება უნდათ, მაგრამ ვერ ახერხებენ. მამისაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში 1000-ზე მეტი ახალგაზრდა მებრძოლია ცხინვალიდან გაგზავნილი.

ერგნეთში მცხოვრებ, ყოფილ მებრძოლს ვეფხვია კასრაძესაც ჰყავს ცხინვალში ნაცნობები. მისი აზრით, რუსეთს სულ არ ადარდებს ომში "საზარბაზნე ხორცად" გაწვეული ცხინვალელი მებრძოლების ბედი და ამას რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ადგილზე, მით უკეთესი, თუმცა, კასრაძის აზრით, უმრავლესობა მაინც რუსეთის პროპაგანდის გავლენის ქვეშაა.


მე-4 რუსულ ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე სამხედროები ცხინვალიდან უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

მე-4 სამხედრო ბაზაის დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურიდან, უმეტესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია და არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 80 პროცენტი ახლა უკრაინის ომშია.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახურის დანაყოფი რომელიც ე.წ. საზღვრის მოწყობით და კონტროლით არის დაკავებული ცხინვალის რეგიონში, 1200 სამხედროს ითვლის.

გავრცელებული ინფორმაციით, „ეფესბეს“ კონტინგენტიდან ადგილზე ნახევარზე ნაკლებია დარჩენილი. ე.წ. მესაზღვრეები პერიოდულად ჩნდებიან საოკუპაციო ხაზთან და იქ არსებულ ინფრასტრუქტურას აახლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG