Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს


რუსეთის არმიის განადგურებული ტანკი სუმის ოლქში. 2022 წლის აპრილი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რუსეთმა უკრაინაში ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს.

3 ივნისს, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან მეასე დღეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია თავდაპირველ მიზანს - კიევის და უკრაინის სახელმწიფო მართვის ცენტრების დაპყრობას.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დაგეგმვისას დაშვებული შეცდომების და ტაქტიკურად ცუდად შესრულების გამო თავდაპირველი გეგმის ჩაშლის შემდეგ, რუსეთმა ოპერაციის კონცეფცია შეცვალა და დონბასზე კონცენტრირებული გახადა.

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ამ ეტაპზე რუსეთს დონბასში აქვს ტაქტიკური წარმატება და რუსი სამხედროები შეტევების დროს ტემპს და ინიციატივას ინარჩუნებენ. ამ დროისთვის რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90%-ზე მეტს და უახლოეს ორ კვირაში, შესაძლოა, სრული კონტროლიც მოიპოვოს, თუმცა, დიდი რესურსის დახარჯვითა და ძირითადი საშუალებების ერთ პატარა მონაკვეთზე კონცენტრაციით.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებითვე, ფრონტის სხვა მიმართულებებით რუსეთის ძალებმა ვერაფერი შეძლეს და თავდაცვის რეჟიმზე გადავიდნენ.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოები, განსაკუთრებით აშშ, უკრაინას უწევენ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას, რომელსაც ახლახან პირველად დაემატა სარაკეტო სისტემები. ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინა განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG