თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილ ბოდნარმა თურქეთი იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებიც რუსეთის მიერ მოპარულ უკრაინულ მარცვლეულს ყიდულობენ.
როგორც Reuters-ი იუწყება, ვასილ ბოდნარმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მიმართა თურქეთის ხელისუფლებასა და ინტერპოლს, რათა დაეხმარონ იმის გამოძიებაში, თუ ვინ მონაწილეობს თურქეთის წყლების გავლით უკრაინული ხორბლის ტრანზიტში.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსი "კაფირები" დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იპარავენ და გასაყიდად გააქვთ საცავებში არსებული უკრაინული ხორბალი.
მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსული გემი, რომელიც ანექსირებულ ყირიმში 27 ათასი ტონა ხორბლით დაიტვირთა, ცდილობდა მარცვლეული ჩაეტანა ეგვიპტეში, მაგრამ უარის შემდეგ შეიცვალა კურსი და გეზი ლიბანისა და სირიისკენ აიღო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელმა დიპლომატებმა ხელი შეუშალეს რუსეთს ალექსანდრიისთვის ამ მარცვლეულის მიწოდებაში.
გამოცემა "ევროპეისკა პრავდას" ცნობით, უკრაინა, თავის პარტნიორებთან ერთად, განიხილავს უკრაინის საზღვაო ექსპორტის განბლოკვის საერთაშორისო მისიის შექმნის შესაძლებლობას და, როგორც პირველ ნაბიჯს, მოითხოვს რუსეთისგან, რომ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის გარშემო საზღვაო აკვატორიიდან და უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანკარა კიევთან და მოსკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის თურქეთის გავლით დერეფნის გახსნის თაობაზე.
დაწერეთ კომენტარი