Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის განცხადებით, გვარამია „რუსთავი 2"-ისგან კომპენსაციას, 5 მილიონ დოლარს მოითხოვს


ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა „მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, გვარამია ხელშეკრულების უხეში დარღვევისთვის „რუსთავი 2"-ისგან კომპენსაციას მოითხოვს.

„ნიკა გვარამიას „რუსთავი 2"-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული, იმიტომ რომ ამ ვადით იყო ის თანამდებობაზედ დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ გათავისუფლდა თანამდებობიდან, ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით. ეს არის ზიანი, რაც მას მიადგა „რუსთავი 2"-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით. თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობაში, არის ნიკა გვარამია. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად, წერილობით ვაცნობოთ „რუსთავი 2"-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს", - თქვა ადვოკატმა და დაამატა, რომ სამაუწყებლო კომპანია ვალდებულია გვარამიას კომპენსაცია, 5 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

16 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG