Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ეგზიტ პოლის თანახმად, ყაზახეთში ამომრჩევლის 70 პროცენტზე მეტი მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებებს


ყაზახეთში ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის ერთ-ერთი უბანი. 5 ივნისი, 2022 წელი
ყაზახეთში ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის ერთ-ერთი უბანი. 5 ივნისი, 2022 წელი

რამდენიმე ეგზიტ პოლის თანახმად, ყაზახეთში 5 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლის 70 პროცენტზე მეტი მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ფართომასშტაბიანი სოციალური კვლევების ინსტიტუტი აცხადებს, რომ მის მიერ ჩატარებული ეგზიტ პოლის მიხედვით, ცვლილებებს მხარი დაუჭირა ამომრჩევლის 76,7 პროცენტმა, კიდევ ერთი კვლევითი ორგანიზაცია, Kogamdyk piki-ი კი ამბობს, რომ ცვლილებების მომხრე იყო 74.8 პროცენტი. ანალიტიკური კვლევების ევრაზიის სამეთვალყურეო ცენტრი იუწყება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა ამომრჩევლის 76.7 პროცენტმა.

ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობდა ამომრჩევლის 68 პროცენტი - ეს მონაცემი არ მოიცავს ყაზახეთის მოქალაქეებს, რომლებმაც რეფერენდუმში მონაწილეობა საზღვარგარეთ მიიღეს.

პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის თქმით, ამ რეფერენდუმით ქვეყანა "მმართველობის სუპერსაპრეზიდენტო ფორმიდან გადავა ძლიერი პარლამენტის მქონე საპრეზიდენტო რესპუბლიკის" ფორმაზე.

5 ივნისის რეფერენდუმს, რომლითაც კენჭი უყარეს 56-მდე საკონსტიტუციო ცვლილებას, წინ უძღოდა იანვარში მომხდარი სისხლიანი არეულობა, რომლითაც დასუსტდა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის წვდომა ძალაუფლებაზე.

ნაზარბაევმა თავად შეარჩია ტოყაევი თავის მემკვიდრედ, როცა თანამდებობა 2019 წელს დატოვა. ამ რეფერენდუმს განიხილავდნენ 69 წლის ტოყაევის მცდელობად, ოფიციალურად დამტკიცებულიყო ნაზარბაევის "გადადგომა" და მისი გასვლა პოლიტიკის სივრციდან.

მთავრობის ოპონენტები ტოყაევს რეფერენდუმის გადადებისკენ მოუწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ ხალხს არ ჰქონდა საკმარისი დრო შეთავაზებული ცვლილებების შესასწავლად. სხვები ფიქრობდნენ, რომ რეფერენდუმი საერთოდ უნდა გაუქმებულიყო.

ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტს აუკრძალავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის ნათესავებს არ ექნებათ უფლება იმუშაონ რაიმე მნიშვნელოვან პოზიციაზე საჯარო სექტორში. ამ ზომას განიხილავენ მცდელობად, აღიკვეთოს ნეპოტიზმის ის არაორდინარული მასშტაბი, რომელიც ნაზარბაევის დროს დამკვიდრდა.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, წაგებულ პოზიციაზე ყველაზე მეტად აღმოჩნდება ნაზარბაევი, რომელიც ყაზახეთის ლიდერი იყო 1990-დან 2019 წლამდე და ექსპრეზიდენტის რანგშიც მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობდა, იანვარში მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხდარ არეულობამდე, რომელსაც სულ მცირე 238 ადამიანი ემსხვერპლა.

საკონსტიტუციო შესწორებები აუქმებს ნაზარბაევის მოხსენიებას "ელბასად", ანუ ერის ლიდერად. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, 81 წლის ნაზარბაევი და მისი ახლო ნათესავები ასევე დაკარგავენ იმუნიტეტს სამართლებრივი დევნისგან.

XS
SM
MD
LG