Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: ინტენსიური ბრძოლები გრძელდება დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში


სევეროდონეცკი. 2022 წლის 2 ივნისი
სევეროდონეცკი. 2022 წლის 2 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები განაგრძობენ ინტენსიურ შეტევას დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მიმართულებით.

გენერალური შტაბის მიერ დღეს, 6 ივნისს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკსა და მის გარშემო მდებარე დასახლებულ პუნქტებში უკრაინის არმიის პოზიციებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უტევს ნაღმმტყორცნების და სხვადასხვა სახეობის საარტილერიო სისტემების გამოყენებით.

გენშტაბის თანახმად, ინტენსიური ბრძოლა გრძელდება დონეცკის ოლქის ქალაქების: სლავიანსკის, ლიმანის და ბახმუტის მიმართულებებითაც, სადაც მოწინააღმდეგე მოიერიშე ავიაციასაც იყენებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრის გასწვრივ, ბელარუსის ტერიტორიაზე რჩებიან რუსეთის ცალკეული ქვედანაყოფები, რომელთა შეიარაღებაშია ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი", საზენიტო-საზარბაზნე კომპლექსები „პანცირი“ და საზენიტო-სარაკეტო სისტემები С-400.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის სახელმწიფოები, განსაკუთრებით აშშ, უკრაინას უწევენ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას, რომელსაც ახლახან პირველად დაემატა სარაკეტო სისტემები. ამ ტიპის შეიარაღებას უკრაინა განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

XS
SM
MD
LG