Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის გაფრთხილება არ ცვლის დიდი ბრიტანეთის გეგმას, უკრაინას გადასცეს სარაკეტო სისტემები


დიდი ბრიტანეთის არმიის სარაკეტო სისტემა M270 ლატვიაში, სამხედრო სწავლების დროს. 2022 წლის მაისი
დიდი ბრიტანეთის არმიის სარაკეტო სისტემა M270 ლატვიაში, სამხედრო სწავლების დროს. 2022 წლის მაისი

დიდმა ბრიტანეთმა აშშ-თან შეათანხმა გადაწყვეტილება, უკრაინას გადასცეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები М270. გაერთიანებული სამეფოს არმიის შეიარაღებაში არსებული ეს სარაკეტო სისტემა ამერიკული წარმოებისაა.

BBC-ს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს სამ ასეთ სისტემას. მისი მოქმედების არეალი დაახლოებით 80 კილომეტრია.

როგორც BBC წერს, ლონდონი უკრაინას სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის, მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის განცხადებისა, რომ თუ დასავლეთი კიევს გადასცემს შორ მანძილზე მოქმედების შეიარაღებას, რუსეთი ამას უპასუხებს უკრაინაში ახალ სამიზნეებზე დარტყმებით.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა იცვლებოდეს რუსეთის ტაქტიკის შეცვლის გათვალისწინებით და დღეს, უკრაინას თავის დასაცავად სწორედ სარაკეტო სისტემები სჭირდება.

1 ივნისს, აშშ-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუწევს კიდევ 700 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც პირველად მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებსაც. უკრაინა ამ ტიპის შეიარაღებას განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

XS
SM
MD
LG