Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილს პარლამენტის დეპუტატის სტატუსი შეუწყდა


ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი

ზაალ უდუმაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი აღარ არის. მისი მოთხოვნა საქართველოს პარლამენტმა დღეს, 9 ივნისს, კენჭისყრით დააკმაყოფილა.

ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომხრე 81 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - არავინ.

ზაალ უდუმაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებისა და მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ 29 მაისს განაცხადა.

"დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა და დასძინა, - ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი."

ზაალ უდუმაშვილი წლების განმავლობაში იყო "რუსთავი 2"-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ამავდროულად ამავე არხის გენერალური დირექტორის მოადგილე. მან "რუსთავი-2" 2017 წლის 19 ივნისს დატოვა - "ნაციონალურმა მოძრაობამ" იგი თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა.

"ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც "კურიერის" წამყვანის. დღეს მე 25-წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ...

ქვეყანას მთავარი ბრძოლა ჯერ წინ აქვს და ვაპირებ, რომ თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო. და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და არადემოკრატიული რეჟიმი", - თქვა მაშინ მაყურებელთან დამშვიდობებისას ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სიით არჩეული დეპუტატი იყო.

XS
SM
MD
LG