Accessibility links

site logo site logo

„იზოლაციას სიღარიბესთან მივყავართ, სანდოობას - მეტ მხარდაჭერასთან”- EPP-ს ვიცე-პრეზიდენტი საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე


ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირ-მოლდოვის დელეგაციის თავმჯდომარე - ზიგფრიდ მურეშანი.

„დღეს ვხედავთ მოლდოვას, რომლის მთავრობასაც შეგვიძლია ვენდოთ, რომელსაც ჰყავს სანდო ლიდერები, რომლებიც ხალხზე მუშაობენ. მთავრობისა და ქვეყნის ლიდერების სანდოობას მივყავართ იქამდე, რომ ქვეყანას უადვილდება კეთილდღეობის მიღწევაც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, რუმინელი ევროპარლამენტარი, ევროკავშირ-მოლდოვის დელეგაციის თავმჯდომარე - ზიგფრიდ მურეშანი.

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს თხოვნაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს: დიახ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

რადიო თავისუფლება: როგორია თქვენი მთავარი არგუმენტები - რატომ უნდა მიიღონ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

ზიგფრიდ მურეშანი: პირველ რიგში, იმიტომ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ყოვლად უკანონო შეჭრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ევროკავშირის შიგნით მხოლოდ მაშინ იქნება სიმშვიდე, თუ სიმშვიდე და სტაბილურობა იქნება მის სამეზობლოშიც. სამეზობლოს უსაფრთხოება თავად ევროკავშირის უსაფრთხოებას გაუტოლდა. მეორე - უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ოფიციალურად მოგვმართეს ევროკავშირში შესვლის ფორმალური პროცედურის დაწყების თხოვნით. ამ ქვეყნის ხალხებმა და მთავრობებმა ამით გვითხრეს, რომ განზრახული აქვთ ევროკავშირის წევრობა და ჩვენი პასუხი უნდა იყოს: დიახ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! მზად ვართ, ამაზე მუშაობა დავიწყოთ! ჩვენც და მათაც კარგად ვიცით, რომ გაწევრების პირობები შესრულებული არ არის - გასაკეთებელი კიდევ ბევრია, არა მხოლოდ ამ სამი ქვეყნის მხრიდან, არამედ ჩვენი, ევროკავშირის მხრიდანაც. ვიცით, რომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება. მაგრამ მნიშვნელოვანია, პროცესი დავიწყოთ და ტექნიკური დეტალების განხორციელებას შევუდგეთ.

უკრაინამ უნდა გაიაზროს, რომ ეს შეჯიბრება არ არის - საკითხი არ უნდა დავაყენოთ ასე: უკრაინა თუ მოლდოვა / საქართველო? საკითხი უნდა იდგეს ასე: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.

რადიო თავისუფლება: უკრაინული ოფიციოზის მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა მოსაზრება, რომ თბილისი და კიშინიოვი, ასე ვთქვათ, კიევის მატარებელზე შეხტომას ცდილობენ - თქვენ რას იტყოდით ამაზე?

მურეშანი: სწორედ ამაზე ვესაუბრე გუშინ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს. მე მას ვუთხარი - მოლდოვა თქვენი მეზობელია, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მეზობელი, და ამ მეზობლის ევროპასთან დაახლოება უკრაინის ინტერესებსაც ემსახურება. იმავეს თქმა შემიძლია საქართველოზეც. რაც უფრო მჭიდროდ იქნებიან დაკავშირებული საქართველო და მოლდოვა ევროკავშირთან, მით უკეთესი უკრაინისთვის. უკრაინამ უნდა გაიაზროს, რომ ეს შეჯიბრება არ არის - საკითხი არ უნდა დავაყენოთ ასე: უკრაინა თუ მოლდოვა/საქართველო? საკითხი უნდა იდგეს ასე: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ნებისმიერი მათგანისთვის გასახარი და სასარგებლოა, თუ დანარჩენი ორიც დაუახლოვდება ევროკავშირს. ამიტომ ვთხოვე გუშინ რადის სპიკერ სტეფანჩუკს, რომ თავისი ძალისხმევა ამ ორი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასაც მოახმაროს. უზარმაზარი სიმპათიით ვართ განმსჭვალული უკრაინელებისადმი, მადლიერები ვართ იმისთვის, რასაც აკეთებენ, რისთვისაც იბრძვიან. და ისევე, როგორც უკრაინელ ხალხს აქვს უფლება, საკუთარი მომავალი და ევროპული გზა თავად განსაზღვროს - ისეთივე უფლება აქვთ მოლდოველებსა და ქართველებსაც. და თუ მათ სურთ ევროპასთან იყვნენ, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ მათ მხარდასაჭერად, იმიტომ რომ ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის.

რადიო თავისუფლება: არის გარკვეული სპეკულირება იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყნებს შესაძლოა რაღაც გარდამავალი სტატუსი შესთავაზონ - პოტენციური კანდიდატის ან რამე ამის მაგვარი. ხომ არ გაგონებთ ეს იმ „მაპზე უკეთეს“ პაკეტს, რომელიც უკრაინასა და საქართველოს ბუქარესტის ცნობილ სამიტზე შესთავაზეს?

მურეშანი: უკრაინელებს, მოლდოველებსა და ქართველებს ევროკავშირში გაწევრება სურთ, სხვა, „იაფიანი“ ვარიანტი არ მოუთხოვიათ. ევროპული პერსპექტივა უმნიშვნელოვანესია, რათა ამ ქვეყნებმა მოდერნიზაციისა და რეფორმების გზით იარონ. თუ მივცემთ, ეს იქნება რეფორმების კატალიზატორი ამ ქვეყნებში. ისინი არ ითხოვენ - დღეს, აქ და ახლა გაგვაწევრეთ ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსს გვთხოვენ, რათა სათანადო პროცესები დაიწყოს და გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახონ. ამიტომ, ჩემთვის მიუღებელია ყველანაირი დისკუსია მათთვის რაიმე სხვა სტატუსის მიცემაზე.

მოლდოვაში პროევროპულმა მთავრობამ 6 თვეში მოახერხა ის, რასაც პრორუსი მთავრობა 6 წელი ამუხრუჭებდა - რეფორმები და საჭირო ინიციატივები. ევროპული გზისადმი ერთგულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც საუბარია ევროკავშირთან დაახლოების სისწრაფეზე.

რადიო თავისუფლება: „იმუშავეთ, რათა საქართველომ იგივე სტატუსი მიიღოს [რაც უკრაინამ და მოლდოვამ]“ - წერია დღეს მიღებულ ტექსტში, რა სამუშაოზეა საუბარი?

მურეშანი: ევროპარლამენტში ვთანხმდებით, რომ კანდიდატის სტატუსის სამივე მათგანისთვის მიცემას ვუჭერთ მხარს. ამათგან, უკრაინის მიმართ ერთგვარი ბონუს-სიმპათია არსებობს: გვესმის, რომ სანამ ჩვენ აქ ვმსჯელობთ, უკრაინის ხელისუფლება რუსეთის თავდასხმის მოგერიებითაა დაკავებული. მოლდოვას უნიკალური სიტუაცია აქვს: ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვეს პროევროპულმა ძალებმა. პროევროპულმა პარტიამ და პროევროპულმა პრეზიდენტმა დაამარცხეს პრორუსული პრეზიდენტი და პრორუსული პარტიები. რეფორმები, მათ შორის, მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი რეფორმა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამას გარდა, მოლდოვა უშუალოდ ემეზობლება უკრაინას და შანსი მიეცა, ევროპისთვის ეჩვენებინა, როგორ უდგას მხარში მეზობელს: მოსახლეობასთან პროპორციულად, მოლდოვამ ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი უკრაინელი დევნილი შეიფარა. საქართველოს მსგავსი შანსი არ მიეცა, უბრალოდ გეოგრაფიის გამოც კი, ამიტომ მოლდოვა უფრო მეტ ქებასა და მოწონებას იღებს. და ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რეფორმები უფრო მტკიცე, გადამწყვეტი ტემპით მიიწევს წინ, [ვიდრე საქართველოში]. საქართველომაც ეს გზა უნდა გაიაროს - მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის გზა. დასაკმაყოფილებელი პარამეტრები სამივე ქვეყნისთვის ერთია.

რადიო თავისუფლება: ფაქტია, რომ ევროპარლამენტში არსებობს - და ეს გუშინ და დღევანდელ დებატებშიც გამოიკვეთა, - გარკვეული კითხვები, ეჭვები საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულების მიმართ. მინდა გკითხოთ, იმის გათვალისწინებით, თუ რისი გამოვლაც მოუწია ქართველ ხალხს, რომ აქამდე, ამ მომენტამდე მოსულიყო, შეიძლება თუ არა ეს დაბრკოლებად იქცეს? საკმარისი მიზეზია თუ არა ეს [მთავრობისადმი კრიტიკული განწყობა] იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს?

მურეშანი: პირადად ჩემთვის, ნათელია, რომ სამივეს - საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას ევროპული პერსპექტივა და შანსი უნდა მივცეთ, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ. ესაა პირველი და ყველაზე მთავარი რამ, რაც ხალხმა უნდა იცოდეს. ამის შემდეგ, ჯერი ხელისუფლებებზეა - ბურთი მათ მოედანზეა, ასე რომ ვთქვათ - ჩვენ გვინდა ამ ხალხს დავეხმაროთ - რაც შეიძლება მეტად, რაც შეიძლება უფრო მალე, რაც შეიძლება მეტად გვინდა შეგიწყოთ ხელი იმაში, რომ მოლაპარაკებების პროცესი სწრაფად გაიაროთ. ჩვენ ხალხის გვერდში დგომა გვინდა - ქართველების, უკრაინელების, მოლდოველების. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება, რომ ხელისუფლებამ გაატაროს ესოდენ საჭირო რეფორმები და ბევრი რამ სწორედ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების განხორციელების ტემპზე იქნება დამოკიდებული.

ჩვენ ხალხის გვერდში დგომა გვინდა - ქართველების, უკრაინელების, მოლდოველების.

რადიო თავისუფლება: ჰიპოთეტურ კითხვას დაგისვამთ - მოლდოვის სათავეში ჯერაც ოლიგარქი პლაჰოტნიუკი და ექსპრეზიდენტი დოდონი რომ იდგნენ, დაუჭერდით თუ არა თქვენ პირადად მხარს მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას?

მურეშანი: მოლდოვაში პროევროპულმა მთავრობამ 6 თვეში მოახერხა ის, რასაც პრორუსი მთავრობა 6 წელი ამუხრუჭებდა - რეფორმები და საჭირო ინიციატივები. ევროპული გზისადმი ერთგულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც საუბარია ევროკავშირთან დაახლოების სისწრაფეზე. ამ ხალხებს სურთ, ევროკავშირის მოქალაქეები იყვნენ, და უნდათ, ეს მალე მოხდეს. ეს ლეგიტიმური მოთხოვნაა. სისწრაფე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად წაიწევს წინ ესა თუ ის მთავრობა. და მოლდოვის შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ცა და დედამიწაა განსხვავება იმას შორის, რაც იყო და რაც ახლა ხდება - წლების განმავლობაში მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ იყო, თავის მისიას არ ასრულებდა, არ გამოიძიეს, მაგალითად, ერთი მილიარდის მოპარვის ცნობილი ინციდენტი, მთელი ამ წლების განმავლობაში მთავრობა საკმარისად არ იყენებდა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს. დღეს ვხედავთ მოლდოვას, რომლის მთავრობასაც შეგვიძლია ვენდოთ, რომელსაც ჰყავს სანდო ლიდერები, რომლებიც ხალხზე მუშაობენ. მთავრობისა და ქვეყნის ლიდერების სანდოობას მივყავართ იქამდე, რომ ქვეყანას უადვილდება კეთილდღეობის მიღწევაც. იზოლაციას სიღარიბესთან მივყავართ, სანდოობას კი - მეტ ინვესტიციებთან, მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და მეტ მხარდაჭერასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG