Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და ევროპაში დაგმეს უკრაინისთვის მებრძოლი 3 უცხოელის "სასიკვდილო განაჩენი"


ეიდენ ასლინი, სააუდუნ ბრაჰიმი და შონ პინერი "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. უზენაეს სასამართლოში. 2022 წლის 9 ივნისი
ეიდენ ასლინი, სააუდუნ ბრაჰიმი და შონ პინერი "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. უზენაეს სასამართლოში. 2022 წლის 9 ივნისი

აშშ რუსეთს და მის მიერ კონტროლირებულ ძალებს მოუწოდებს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, მათ შორის სამხედრო ტყვეების უფლებებს და დაცვას.

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოწოდება მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებით 9 ივნისს გავრცელებულ ცნობებს, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, ეიდენ ასლინს და შონ პინერს და მაროკოს მოქალაქეს, სააუდუნ ბრაჰიმს, რომლებიც უკრაინის არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ და ტყვედ ჩავარდნენ.

მათ ე.წ. სასამართლო მოიხსენიებს "დაქირავებულ" მებრძოლებად, რომელთა ქმედება მიმართული იყო "ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ". 2-დღიან სასამართლო პროცესზე მიღებული "განაჩენის" გასაჩივრებისთვის 1-თვიანი ვადა არსებობს.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა უცხოელი, რომლებიც ქვეყნის არმიის შემადგენლობაში იბრძვიან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სერიოზულად შემაშფოთებელს უწოდებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კანონიერად მომსახურე სამხედროების ფიქტიურ სასამართლო პროცესს და განაჩენს.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის გამოტანილი ე.წ. განაჩენი კატეგორიულად დაგმო გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა 9 ივნისს განაცხადა, რომ ისინი სამხედრო ტყვეები არიან და ფიქტიურ განაჩენს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის "სასამართლოს" გადაწყვეტილება კატეგორიულად დაგმო ასევე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა. მისი განცხადებით, სიკვდილით დასჯა არაადამიანური და ღირსებასთან შეუთავსებელი მოვლენაა და ევროპის კონტინენტზე მისი ადგილი არ არის.

ბრიტანელები, პინერი და ასლინი, მარიუპოლთან დაატყვევეს, ბრაჰიმი კი, ვოლნოვახასთან. არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი უკრაინაში ჩავიდა ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე და შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG