დანიის და ჰოლანდიის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკომისია მომავალ კვირაში მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, იუწყება სააგენტო Bloomberg-ი 10 ივნისს, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს თანახმად, საკითხში გათვითცნობიერებული პირები ამბობენ, რომ რეკომენდაცია - რომელიც ევროკავშირის კომისართა კოლეგიამ უნდა განიხილოს და მიიღოს - დამტკიცდება კანონის უზენაესობასთან და კორუფციასთან ბრძოლის კანონმდებლობის საჭიროებასთან დაკავშირებული პირობების გათვალისწინებით.
ევროკომისიის რეკომენდაცია შემდეგ წევრმა ქვეყნებმა უნდა დაამტკიცონ, რაც, Bloomberg-ის თანახმად, შესაძლოა, პრობლემური იყოს დანიისთვის, რომელმაც გაავრცელა დიპლომატიური ნოტა და აღნიშნავს, რომ უკრაინა საკმარისად არ აკმაყოფილებს იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომლებსაც ეფუძნება დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და უმცირესობათა უფლებების დაცვა. წინააღმდეგობა გამოთქვა ჰოლანდიამაც - იუწყება სააგენტო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, მის ქვეყანას შესთავაზოს ბლოკში გაწევრიანება შემოკლებული პროცედურით - ზელენსკი მიიჩნევს, რომ ეს იქნება "ძლიერი პასუხი" უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრაზე.
ბლოკის ლიდერები ამ საკითხს 23-25 ივნისს განიხილავენ.