Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილი სანიოლი: „საწვავი არ გვეყო“


"მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ დღეს ენერგია დაგვაკლდა - გადატვირთული კალენდრის ბოლო მატჩში „საწვავი აღარ გვეყო“, - უთხრა ჟურნალისტებს ვილი სანიოლმა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, ბულგარეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე უეფას ერთა ლიგაზე ივნისში გამართული ოთხივე შეხვედრა შეაჯამა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულების დაკარგვით გამოწვეული იმედგაცრუების მიუხედავად, გუნდის საერთო შედეგით კმაყოფილია. ბოლო თამაშის ვერმოგების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად კი სანიოლმა ფეხბურთელების გადაღლა დაასახელა.

„დღეს ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ... ორიოდ კვირის წინ რომ გეთქვათ, ერთა ლიგის ოთხ თამაშში ათ ქულას მოვაგროვებდით, ამას ალბათ ყველა სიამოვნებით დავთანხმდებოდით. საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე ძალიან კარგი თამაშები ჩაატარა. დღესაც შეგვეძლო მოგება, მაგრამ... სამწუხაროდ, არაერთი შანსი გავუშვით ხელიდან. მიზეზთა შორის გამოვარჩევდი ბულგარეთის ნაკრების მეკარის კარგ თამაშს და მსაჯის შეცდომას პირველ ტაიმში, როდესაც მან ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევის შემდეგ პენალტი არ დანიშნა. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ დღეს ენერგია დაგვაკლდა - გადატვირთული კალენდრის ბოლო მატჩში „საწვავი აღარ გვეყო“, - უთხრა ჟურნალისტებს ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში, ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფის ლიდერია ათი ქულით და ჩრდილოეთ მაკედონიას სამი ქულით უსწრებს. თუ გუნდი პირველ ადგილს სექტემბერში გასამართი ბოლო ორი თამაშის შემდეგაც შეინარჩუნებს, B დივიზიონშიც დაწინაურდება და ამასთან, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალის საგზურსაც მოიპოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG