Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ძალა აქვს კონსტიტუციის ჩანაწერს ევროინტეგრაციაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 ივნისს


"ყველა ზომა" ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის - რა შემთხვევაში ირღვევა კონსტიტუციის 78-ე მუხლი?

ევროპელ დეპუტატებთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაჟინებული დაპირისპირებისა და „ფარდის ახდის“ დაპირების ფონზე, ბოლო დღეებში საქართველოში ბევრმა გაიხსენა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ვინ და როგორ შეიძლება დაისაჯოს კონსტიტუციის აღნიშნული ჩანაწერის დარღვევის გამო? როგორც კონსტიტუციონალისტები ამბობენ, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით ვერავის პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგება.

„კონსტიტუციის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს [ევროკავშირის] განაცხადის გამოტანა, ანდა განაცხადზე საჯარო უარის თქმა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ანდა საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
რამდენად რელევანტურია კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოხმობა საქართველოს ევროპულ გზაზე დღეს გაღებული შესაძლებლობის ფანჯრის ფონზე? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

რა სურთ თსუ-ს სტუდენტებს - პროტესტის ორი თვე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად მეხუთე ღამე გაათენეს რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტში. თითქმის ორთვიანი პროტესტი ფინალურ გამოცდებამდე ორი კვირით ადრე გამწვავდა და არაერთგვაროვანი რეაქციებიც გამოიწვია საზოგადოებაში.

20 აპრილიდან თსუ-ს სტუდენტები მოითხოვდნენ სწავლების ჰიბრიდული (ონლაინ და აუდიტორიებში) მეთოდით გაგრძელებას, რაც გასაქირავებელი ბინის ფასების ზრდით იყო გამოწვეული.

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, მათგან 10 000-მდე სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა.

სწავლება მართლაც გადავიდა ჰიბრიდულ მეთოდზე. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის რექტორს შორის გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ მიიღეს. თუმცა მალევე გაირკვა, რომ გამოცდების ჩაბარების ერთადერთი გზა უნივერსიტეტში ფიზიკურად მისვლა იქნებოდა.

ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება სტუდენტთა მორიგი საპროტესტო ტალღის მუხტად იქცა.
დღეს სტუდენტები ითხოვენ:

  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას;
  • საერთო საცხოვრებლის მშენებლობას;
  • საგამოცდო ფორმატის ცვლილებას;
  • რექტორის გადადგომასა და რექტორის არჩევის წესის ცვლილებას;
  • ფინანსურ გამჭვირვალობას.

სტუდენტების პროტესტის ქრონიკა, მოთხოვნები და გეგმები - წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

დღეს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

დღეს, 14 ივნისს, 21:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეში ბრიფინგს გამართავს. ეს მისი პირველი განცხადებაა ევროპული ტურნედან საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მწვავე კრიტიკისა და რეზოლუციის შემდეგ, ზურაბიშვილი ბოლოს 10 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოჩნდა. მან ბრიუსელიდან ჩართვისას თქვა, რომ „სახელისუფლებო გუნდიდან“ ევროპარლამენტარების მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა მას ქვეყნის ინტერესების დაცვაში შეუშალა ხელი და საქართველოში ბრუნდება ევროპული მომავლის დასაცავად.

„არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, - თქვა პრეზიდენტმა.

ამ განცხადებამ გააჩინა მოლოდინი, რომ შესაძლოა პრეზიდენტს შეეწყალებინა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მან მალევე დაწერა ფეისბუკზე: „არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“

რას აპირებს პრეზიდენტი ევროპული მომავლის დასაცავად, გაიგე დღეს საღამოს რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში - ელჩი

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

„ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ საქართველოს კანდიდატობას ევროკავშირში, რადგან გვინდა ვიხილოთ ქვეყნის წარმატება მის ევროპულ მისწრაფებებში. როცა მესმის, რომ ამბობენ, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ომის შესაჩერებლად“, - თქვა ელჩმა ბათუმში, ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

წაიკითხე მეტი.

ძლიერმა წვიმამ საგურამოში ქუჩები ისევ დატბორა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საგურამოში ძლიერი წვიმის შედეგად წყალი გზის სავალ ნაწილზე მიედინება. მათი ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

„ფეისბუკში“ მოქალაქეები საგურამოსთან ახლოს მდებარე სოფელ ბიწმენდიდან ადიდებული მდინარე ახატნისხევის ვიდეოებს ავრცელებენ. როგორც მცხეთის მერიაში გვითხრეს, ამ დროისთვის ბიწმენდში სიმშვიდეა.

ვის უნდა ომი

როგორია ომის მომხრეთა კოლექტიური პორტრეტი რუსეთში: რა ასაკის არის? სად მუშაობს? როგორია მისი შემოსავალი? კაცია თუ ქალი? რეალურია ეს მხარდაჭერა თუ მხოლოდ სიტყვიერი? და როგორია ომის მოწინააღმდეგეთა კოლექტიური პორტრეტი?
როგორც კვლევამ აჩვენა:

  • "სპეციალური ოპერაციის" მხარდამჭერი საშუალო რუსი 45 წლის მამაკაცია; უყურებს ტელევიზორს; არ გრძნობს სანქციების ზემოქმედებას; დასაქმებულია საბიუჯეტო ორგანიზაციაში, არ ღელავს დანაზოგზე, ცხოვრობს შორეულ აღმოსავლეთში და კმაყოფილია რუსეთში შექმნილი მდგომარეობით.
  • "სპეციალური ოპერაციის" მოწინააღმდეგე საშუალო რუსი კი 25 წლის ქალია - ცხოვრობს მოსკოვში ან ჩრდ. კავკასიაში, გრძნობს სანქციების მოქმედებას, ინფორმაციას იღებს ინტერნეტიდან Telegram-ის ან youtobe-ის საშუალებით, აღელვებს დანაზოგის დაკარგვის საფრთხე და უკმაყოფილოა რუსეთში შექმნილი მდგომარეობით.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური დააკვირდა ომის მხარდაჭერის დონის გაანგარიშების მცდელობებს, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი მსხვილი ორგანიზაციების (ВЦИОМ (სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი), ФОМ (ფონდი საზოგადოებრივი აზრი) და Левада-центр (ლევადა-ცენტრი)), ასევე მკვლევართა მცირე დამოუკიდებელი ჯგუფების მხრიდან. რა ტენდენციები გამოიკვეთა, გაიგე აქ.

ყველაზე საზარელი განთიადი თბილისის ზოოპარკის დირექტორის ცხოვრებაში, ლომის და პუდელის უჩვეულო მეგობრობა და ექსპედიცია, რომელშიც ამოწმებთ, შეგიძლიათ თუ არა ერთად ცხოვრება. ვინ და რა გაახსენდა ზურაბ გურიელიძეს, როდესაც მას ძველი ფოტოები ვაჩვენეთ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG