Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი ცდილობს კონტროლის დამყარებას რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე


დანგრეული ხიდი სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის
დანგრეული ხიდი სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები არტილერიის მხარდაჭერით განაგრძობენ შტურმს ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ სევეროდონეცკზე. გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე ცდილობს ქალაქის ცენტრში პოზიციების განმტკიცებას.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობითვე, რუსი სამხედროები შეტევას განაგრძობენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებითაც და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს დასახლებული პუნქტის, ვოზროჟდენიეს რაიონში. რუსეთის არმიის ქვედანაყოფები ცდილობენ პირობების შექმნას დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე შეტევისთვისაც.

გენშტაბის თანახმად, ხარკოვის ოლქის მიმართულებით მოწინააღმდეგე კონცენტრირებულია თავდაცვაზე და იყენებს ავიაციასაც, რათა არ დაუშვას საზღვრისკენ უკრაინის არმიის ქვედანაყოფების გადაადგილება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად, რუსეთის სამხედრო ძალებმა მცირე წარმატებას მიაღწიეს ხარკოვის მიმართულებით.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა კვლავაც მიმართულია ქალაქ სევეროდონეცკის აღებისკენ.

სევერონეცკისთვის ბრძოლა რამდენიმე კვირაა გრძელდება. სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთს უკრაინის ამ ქალაქზე კონტროლის დამყარება სჭირდება, რათა გამოაცხადოს, რომ ლუგანსკის ოლქი მთლიანად „გაათავისუფლა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG