Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის სიტყვა და მისი შეფასებები - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 ივნისს


„იზოლაციის საფრთხე“, „გაფუჭებული საქმე ბრიუსელში“ და სხვა აქცენტები ზურაბიშვილის ბრიფინგიდან

ოთხდღიანი დუმილი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გრძელი ბრიფინგით დაარღვია ორბელიანის სასახლეში. პრეზიდენტისგან ხელისუფლებამ მოისმინა კრიტიკა ბრიუსელში ევროინტეგრაციის „საქმის გაფუჭების“ გამო. პრეზიდენტმა თქვა, რომ წარმოებულმა პოლიტიკამ ქვეყანა იზოლაციის საფრთხის ქვეშ დააყენა.

სალომე ზურაბიშვილმა ახსენა ბიძინა ივანიშვილიც და თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილი პრემიერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ აღმოჩენილიყო.

„გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით. პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში. ეს ეხება ევროპარლამენტის ყველა პარტიას, თავის მხრივ, ოპოზიცია მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხმყოფელი პასუხები სერიოზულ კითხვებზე, შედეგიც მიიღო“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

წაიკითხე მეტი.

პრეზიდენტმა 20 ივნისამდე ახალი აქცია დააანონსა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად აქციაზე 16 ივნისს ევროპის მოედანზე შეიკრიბონ. მისი თქმით, აქციაზე არ იქნება გამოსვლები.
ზურაბიშვილმა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს მისი გაუქმებისკენ მოუწოდა და 16 ივნისის აქციაზე მიიწვია.

"მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ფეისბუქით „სირცხვილია“. მოძრაობის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ დაანონსებული „ალტერნატიული აქცია“ საზოგადოების კონსოლიდაციის იდეას ეწინააღმდეგება. მათ პრეზიდენტს მისივე ცნობილი ფრაზით უპასუხეს - „არა და არასოდეს!“

„ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება“.

16 ივნისის შეკრების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა „პალიტრანიუსის“ ეთერში შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი აზრით, ძალიან მძიმე იქნება, თუკი პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია ჩავარდება, რადგან, მისი აზრით, ეს ინიციატივა „ცოტა მოუმზადებელია“.

ომი უკრაინაში: გრძელდება ბრძოლა სევეროდონეცკისთვის

რუსეთის ძალები აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინის საკვანძო მნიშვნელობის ქალაქ სევეროდონეცკს, მაგრამ მასში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები, თქვეს 14 ივნისს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამასობაში მოსკოვმა განაცხადა, რომ მზადაა უსაფრთხოების დერეფანი უზრუნველყოს ქალაქში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა.

უკანასკნელ დღეებში რუსეთის ჯარები აძლიერებენ სევეროდონეცკის კონტროლს. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს, 13 ივნისს რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს ქალაქთან დამაკავშირებელი მესამე ხიდი.

პარალელურად, გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 4400-ს უახლოვდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი. მათ შორის 275 ბავშვია. საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5390 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 451 ბავშვი.

წაიკითხე მეტი.

შოტლანდიამ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა (არაოფიციალურმა პრემიერ-მინისტრმა) ნიკოლა სტერჯენმა სამშაბათს ედინბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა შოტლანდიის დამოუკიდებლობის თაობაზე მეორე რეფერენდუმის შესახებ.

შოტლანდიის მთავრობის ოფიციალურ საიტზე 14 ივნისს გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით „დამოუკიდებლობა თანამედროვე მსოფლიოში. უფრო ჯანსაღი, უფრო ბედნიერი, უფრო სამართლიანი: რატომ არა შოტლანდია?“, რომელშიც წარმოდგენილია სახელმწიფოს რეფორმირების გეგმა. დოკუმენტის წინასიტყვაობაში სტერჯენმა დაწერა, რომ ახლა საუკეთესო დროა „ახალი შოტლანდიის“ ასაშენებლად - „კორონავირუსის, ბრექსიტისა და ბორის ჯონსონის“ შემდეგ.

წაიკითხე მეტი.

ECHR-მა რუსეთს მიუსაჯა კომპენსაციის გადახდა „უცხოეთის აგენტებად“ აღიარებული ორგანიზაციებისთვის

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთს მიუსაჯა კომპენსაციის გადახდა არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც „უცხოეთის აგენტების“ სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა 73 მოსარჩელის სარჩელების საფუძველზე. მოსარჩელეები გაერთიანდნენ საქმეში „ეკოდაცვა და სხვა საქმეები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. ამის შესახებ იტყობინება არაკომერციული ორგანიზაცია „მასმედიის უფლებების დაცვის ცენტრი“, რომელმაც ასევე მიმართა სასამართლოს „უცხოეთის აგენტებად“ ცნობის გამო.

ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მე-11 მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. ევროსასამართლომ „მასმედიის უფლებების დაცვის ცენტრს“ კომპენსაციის სახით 17 290 ევრო მიაკუთვნა.

წაიკითხე მეტი.

ჩვენი მისამართია სტუდქალაქი - როგორ ცხოვრობენ პავლე, მედეა, დათო და სხვები

ოთხი საათი ხდება. ბაგებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის მეორე კორპუსთან კურიერის მოპედი მორახრახდა. მძღოლი მაღალი, ხმელი ბიჭია. მტვერში ამოგანგლული ნაცრისფერი მაისური და მოკლე შარვალი აცვია. უფრო კარგად თუ დააკვირდები, კედები და შარვლიდან გამოჩრილი გამხდარი წვივები მტვერში კი არა, მგონი, ცემენტში უნდა ჰქონდეს ამოვლებული.

ეს მაღალი და ხმელი ბიჭი პავლე ანდღულაძეა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი. კურიერის ჩანთას დერეფანში, სხვა ჩანთების გვერდით ტოვებს - ეს ჩანთები იმის ნიშანია, რომ აქ ბევრი სტუდენტი მუშაობს კურიერად.

სანამ პავლეს ოთახამდე ახვალ, გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენებული და მას შემდეგ, ფაქტობრივად, ხელშეუხებელი სართულები უნდა აიარო. გზადაგზა გადაეყარო ზოგან ქვის იატაკს, ზოგან გადაქექილ პარკეტს, ზოგან, ე.წ. ლინოლიუმს.

პავლე სამტრედიიდანაა. იქ მამა და უმცროსი და ჰყავს. დედა თურქეთშია. "რომ არა ოჯახი, აქ მარტო კურიერობითაც გავიტანდი თავს, მაგრამ ოჯახს ფული სჭირდება", - ამბობს პავლე, რომელსაც მზისგან დამწვარი სახე და დიდი ლურჯი თვალები აქვს.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

სოფო ჭყონიამ საქველმოქმედო ფონდი "იყავი შემდეგი" დააარსა და მოდის, დიზაინის, ხელოვნების სკოლის მშენებლობას შეუდგა. სოფოს ცხოვრების შინაარსს დღეს უკრაინა განსაზღვრავს - მოდის კვირეულის დამფუძნებელი, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება და უკრაინელი ფოტოგრაფების გამოფენას აწყობს. სოფო დარწმუნებულია, რომ ხელოვნებისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა დაუშვებელია. არსებითად იმავეს ამბობდა მამამისი, თემურ ჭყონია, როცა გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში, იმ მძიმე წლებში "კოკა-კოლას" წარმოება დაიწყო.

XS
SM
MD
LG