Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბრიუსელში იმსჯელებენ უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გაწევაზე


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უკრაინის დასახმარებლად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის ვირტუალურ შეხვედრაზე. 2022 წლის 23 მაისი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უკრაინის დასახმარებლად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის ვირტუალურ შეხვედრაზე. 2022 წლის 23 მაისი

დღეს ბრიუსელში გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის სხდომა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. პენტაგონის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლები.

საკონტაქტო ჯგუფი განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის დასახმარებლად. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყურადღების ცენტრში იქნება უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები იმ ფონზე, როცა რუსეთმა ძირითადი საბრძოლო მოქმედებები დონბასში გადაიტანა.

საკონტაქტო ჯგუფი იმსჯელებს, ვის რა ტიპის შეიარაღებით შეუძლია უკრაინის დახმარება. საუბარია არტილერიაზე, ჯავშანტექნიკაზე, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე. რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინამ დასავლეთის სახელმწიფოებისგან არაერთხელ მიიღო მძიმე შეიარაღება, თუმცა, კიევში აცხადებენ, რომ ეს 10%-ია იმისა, რაც უკრაინის არმიას სჭირდება.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამით, ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება და ამ შეიარაღების მიწოდების შეფერხება გაუმართლებელია.

უკრაინა მხარდამჭერი ქვეყნებისგან სარაკეტო სისტემებით დახმარებას განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად". ივნისის დასაწყისში, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა პირველად გამოაცხადეს, რომ უკრაინას გადასცემენ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსაც. საუბარი იყო საერთო ჯამში, ათამდე ასეთ სისტემაზე.

აშშ-ის ინიციატივით, აპრილის ბოლოს შეიქმნა ცენტრი, რომლის მიზანია უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევა.

XS
SM
MD
LG