Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებს უკან დაახევინეს ორი მიმართულებით


დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკთან განადგურებული შენობების თანამგზავრული ფოტო. 2022 წლის 6 ივნისი
დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკთან განადგურებული შენობების თანამგზავრული ფოტო. 2022 წლის 6 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს უკან დაახევინეს ორი მიმართულებით.

გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგის შეტევები მოიგერიეს და დანაკარგებით უკან დაახევინეს ქალაქ ნიკოლაევკასთან, ხოლო ნოვოპავლოვსკის მიმართულებით - დასახლებულ პუნქტ შევჩენკოსთან.

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის მიმართულებითაც.

რაც შეეხება ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ სევეროდონეცკს და მის გარშემო მდებარე დასახლებულ პუნქტებს, გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები შეტევას განაგრძობენ არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერიეს სევეროდონეცკსა და დაბა ტოშკოვკაში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის არმიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ სევეროდონეცკის უდიდეს ნაწილს. უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან ქალაქის სამრეწველო ზონაში მდებარე ქიმიური ქარხნის, "აზოტის" ტერიტორიაზე, რომელსაც თავს აფარებს რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქეც.

14 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "აზოტის" დამცველ უკრაინელ სამხედროებს დანებება მოსთხოვა და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო პირებისთვის ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG