Accessibility links

site logo site logo

ფარდები და პოლიტიკა - პრეზიდენტი ვისკენ და ვის წინააღმდეგ?


სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები და 16 ივნისს შეკრების ინიციატივა, - მიუხედავად იმისა, რომ, მისივე თქმით, ბრიუსელში „გაფუჭებული საქმის”გამოსწორებისა და ევროპული იდეის გარშემო გაერთიანებისკენ იყო მიმართული, - ჯერჯერობით საწინააღმდეგო მიზანს აღწევს. 

ექსპერტებისთვის ისიც აშკარაა, რომ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ხაზგასმით, პრეზიდენტი უპრეცედენტოდ მკაფიოდ დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს და „ქართული ოცნების“ ბოლო თვეების ძირითად მესიჯს „მეორე ფრონტის გახსნისა“ და საქართველოს „ომში ჩათრევის” შესახებ.

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირის კრიტიკულ რეზოლუციასა და იქ ბიძინა ივანიშვილის ხსენებას, ოპოზიციისა და დასავლეთის (ნაწილის) მხრიდან საქართველოს „ომში ჩათრევის” მცდელობას უკავშირებს და „ფარდის ახდით“ იმუქრება, სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ამბობს, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნის დაძალება ხელოვნურად გამოგონილი ამბავია, „ფარდის ახდა“ თავად საქართველოს უნდა ადარდებდეს და რეალურია იზოლაციის საფრთხეც - ანუ დემოკრატიის ფარდის მიღმა დარჩენა.

„მეორე ფრონტი“, ფარდა და იზოლაცია

„იმის მიუხედავად, ვინ რას ვფიქრობთ სალომე ზურაბიშვილზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს, ვინმეს, ნათლად, ღიად, ორაზროვანი განმარტებების შესაძლებლობის გარეშე ელაპარაკა ამ წარმოუდგენელ ამბავზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს და რაზეც შემდეგ, ტელეკომპანია „იმედმა“ „გორბის“ ცნობილი გამოკითხვა შემოგვთავაზა - აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებით“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი.

ამავე კონტექსტში, მისი შეფასებით, მკაფიო იყო პრეზიდენტის სიგნალი, რომ საერთაშორისო პარტნიორების განაწყენებითა და დასავლურ სამყაროსთან დაშორებით, საქართველოს იზოლაციის საფრთხე ემუქრება.

„იზოლაცია ნიშნავს ევროპული ხაზის მიღმა დარჩენას და დიდი ხნით დემოკრატიაზე ფიქრისა და ოცნების დავიწყებასაც... ეს არის კრემლის ოცნება - თუ აქ არ იქნება დემოკრატია და საქართველო რეალურად არ მიდის ევროპაში. მაშინ ეს რუსული საქართველოა“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

„თუ დასავლეთი მოითხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“ - ასეთი იყო ერთ-ერთი შეკითხვა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „გორბისთვის“ დაკვეთილ ბოლო კვლევაში. ამ შეკითხვას რესპონდენტების 83.6%-მა უარყოფითი პასუხი გასცა.
სხვა შეკითხვის მიზანი იყო კონკრეტული დამნაშავეების გამოკვეთა - „ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი?“. პასუხები ასე გადანაწილდა: 28.5% - „ნაციონალური მოძრაობა“; რუსეთი - 12,4%; აშშ - 12,4%; უკრაინის ხელისუფლება - 8,6%; საქართველოს ხელისუფლება - 2,1%; ევროკავშირი - 1,2%; არც ერთი - 12,6%; არ ვიცი - 22,2%.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „იმედის“ დაკვეთილ კვლევაში დასმულ შეკითხვებს „აბსურდული“, „შიდა მოხმარებისთვის“ და ხელისუფლების შეცდომებიდან ხალხის ყურადღების უსაფრთხოებაზე გადამტანი უწოდა, მაგრამ იქვე მიანიშნა, რომ გამორიცხული არ არის - ეს რუსეთის მიმართ მაამებლური სვლა იყოს. „ან კიდევ სხვა ახსნა აქვს ამას, მაგრამ მირჩევნია, არ გავყვე ამ აზრებს... ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ, გავუგოროთ?! არ გავცემ პასუხს ამ შეკითხვას“, - თქვა ზურაბიშვილმა.

GIP-ის დირექტორისთვის, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასთვის ცხადია, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ომში ჩათრევასთან დაკავშირებული სცენარი „მუსიკასავით ჩაესმით“ საქართველოში მოქმედ პრორუსულ ძალებს და რუსეთის პროპაგანდისტებს.

„რა თქმა უნდა, უხარიათ პრორუსულ ძალებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაც ამას ამბობს. ამით მათი იდენტური გამონათქვამების ლეგიტიმაცია ხდება... ზუსტად დღეს გავრცელდა, რუსი ჟურნალისტები და პროპაგანდისტებიც ამბობენ, რომ საქართველოში ომის დაწყება უნდათ აშშ-სა და ევროკავშირს. ისინიც ამ ტალღას უბამენ მხარს. აშკარად ჩანს, ეს ის არის, რაც მოსკოვსაც უნდა... მათი ნატვრაა, რომ საქართველო პროდასავლურ კურსს დაშორდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კაკაჩია და იქვე დასძენს, რომ იზოლაციის საფრთხეს ის უკვე დიდი ხანია გრძნობს და ხშირად აღუნიშნავს, რომ ამ გზით საქართველოს ბელარუსზე უკეთესი მომავალი არ ექნება.

„არცერთი ჩვენი პარტნიორი... და მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით... და მე ვარ ერთადერთი, ვინც ვიყავი ამერიკაშიც, ევროპაშიც და რომელსაც ჰქონდა მაღალი დონის შეხვედრები და ღია შეხვედრები იმ კუთხით, რომ რაღაცებს მეუბნებიან, რასაც სხვებს, შეიძლება, არ ეუბნებიან. არსად, არც ერთხელ, არასოდეს, არანაირი მოწოდება არ ყოფილა, რომ აბა, თქვენ სადა ხართ?! რატომ არ არის მეორე ფრონტი?! და რას აპირებთ და მოდით და თქვენც მიიღეთ მონაწილეობა. ეს არ არსებობს, არის მოგონილი, არის ტყუილი და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტმა ასევე დააზუსტა, რომ: „ერთადერთი, საიდანაც, მართალია, გაისმა მეორე ფრონტის იდეა, მოდის უკრაინის ხელისუფლების რაღაც წრეებიდან“, მაგრამ „ომში მყოფ უკრაინას შეიძლება რაღაც მომენტში გაუჩნდეს იმის მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი“ და „ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ, არც პოლემიკაში შევიდეთ“.

პრეზიდენტის მიერ „მეორე ფრონტის გახსნისა“ და „საქართველოს ომში ჩათრევის“ მითად და ტყუილად გამოცხადებას 16 ივნისს საგანგებოდ დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ის ამბობს, რომ „მეორე ფრონტის გახსნაზე“ სალომე ზურაბიშვილს სერიოზულად არავინ დაელაპარაკებოდა, რადგან ის რეალურ ბერკეტებს არ ფლობს. კობახიძე არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მეორე ფრონტის გახსნაში „ჩაითრიონ“ კიდეც.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია...

სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არ აქვს, საბედნიეროდ...

სურვილი არა, მაგრამ ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ, შეიძლება ვინმემ ამაში ჩაითრიოს", - თქვა კობახიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტია.
მაგალითად, 71-ე მუხლში წერია, რომ საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.

ირაკლი კობახიძემ და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმა, 16 ივნისს, ომის მოსურნეობაში ომბუდსმენი და სამოქალაქო საზოგადოებაც დაადანაშაულეს

„არც ეკა გიგაური და არც დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას არ ითხოვს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.

უკვე თვეებია, რაც „ოცნების“ ხელისუფლების მთელი რიტორიკა აგებულია პრინციპზე, რომ გარკვეულ ძალებს დასავლეთში და მათ შორის - ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა სურთ და მიზნის მისაღწევად ლობირებენ ოპოზიციას შემდეგი სცენარით: ხელისუფლების გადატრიალების გზით ხელისუფლების სათავეში მოდის ოპოზიცია და ის ომში რთავს ქვეყანას.
„მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით „ოცნებას“ გახმაურებული აქვს მეორე სავარაუდო სცენარიც - რომ ეს დასავლური ძალები შვეიცარიულ ბანკში ბიძინა ივანიშვილის ტრანზაქციებისა და მოძრავი ქონების ევროპა-ამერიკაში შეფერხების გზით, ზეწოლას ახდენენ ბიძინა ივანიშვილზე, რომ ის დაბრუნდეს პოლიტიკაში და ჩართოს ქვეყანა ომში. ამ ჭრილში ხელისუფლების მხარდამჭერები და აფილირებული პირები განსაკუთრებით აშშ-ს ადანაშაულებენ.

ომის სცენარს უკავშირდება "ფარდის ახდის" დაპირებაც

სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ბოლო დღეებში არაერთხელ დადეს დაპირება, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, ფარდას ახდიან კულუარულ ამბებს, რაც ისევ საქართველოს ომში ჩართვის სცენარს უკავშირდება.

პრეზიდენტი კი მათ შეახსენებს, რომ ფარდის ახდა უფრო საქართველოსთვის არის წამგებიანი.

„დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით... თუ არ მიგვიღო... ფარდას ავხდითო! არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს მგონი“, - თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს, როცა „ქართული ოცნება“ უმოქმედობაში, დასავლელი მეგობრების განაწყენებაში, დემოკრატიის გზაზე პირველიდან ბოლო ადგილზე გადანაცვლებაში დაადანაშაულა და მიანიშნა კიდეც, რომ ეს შესაძლოა შეგნებულადაც ხდებოდეს.

ბიძინა ივანიშვილი, 2 აქციის თავსატეხი

ერთადერთი, რაც საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლაში მოეწონა „ქართულ ოცნებას“, როგორც თავიდან ითქვა, ეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ მანამდე გამოხატული პოზიციის შეცვლაა, ამისთვის სალომე ზურაბიშვილმა მადლობაც კი მიიღო.

„გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარალელი გაავლო, პრაქტიკულად ერთ სიბრტყეში დააყენა სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი, რაც იყო ძალიან უხეში გადაცდომა, მე ასე ვიტყოდი და ძალიან დიდი უმადურობის გამოხატულება, ასევე ამასაც აღვნიშნავდი. დღეს მან ეს გზავნილი შეცვალა, რაც ძალიან კარგია და ამისთვის მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. კარგია, რომ პრეზიდენტმა გააცნობიერა ამ პირველი გზავნილის მცდარობა“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ 14 ივნისს ჟურნალისტებს, პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ.

15 ივნისს ტონალობა დამძიმდა.

საგანგებო ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ ზურაბიშვილი მწვავედ იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან არ ახსენა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე ამოქმედებული ირიბი სანქციები, რაზეც მისი ადვოკატი ლაპარაკობს.

„ირიბი სანქცია რეზოლუციამდეც იყო. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ირიბი სანქციები მის წინააღმდეგ მანამდეც მოქმედებდა, ეს უბრალოდ აისახა რეზოლუციაში ლობისტების მეშვეობით. ასევე, როცა ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილს ეს ირიბი სანქციები ვერ შეაშინებს, ეს კარგად უნდა გაიაზროს როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ასევე თითოეულმა მოქალაქემ.

ეს მართლაც ასეა - ვერავითარი ირიბი ან პირდაპირი სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაშინებს და ვერ გახდება მისთვის მოტივაცია ხელისუფლებას მიუბრუნდეს, შემოვიდეს პოლიტიკაში და აიძულოს ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. ამას ვერ ეღირსება ვერავინ! - მათ შორის, პირველ რიგში, ისინი, ვინც აწესებს პირდაპირ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თუ მოითხოვს ამ სანქციების დაწესებას", - აღნიშნა კობახიძემ.

10 ივნისს, „იმედის“ ეთერში მოულოდნელი ჩართვისას, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და ბიძინა ივანიშვილის ხსენებისას თქვა, რომ არცერთ მათგანს არ უნდა გადაჰყვეს საქართველოს ევროპული მომავალი. ეს სამი გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში სხვადასხვაგვარად არის მოხსენიებული.
14 ივნისის კი, ბრიფინგზე, მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემა ევროპარლამენტის რეზოლუციაში უსაფუძვლოდ ჩაიწერა და ეს „ქართული ოცნების“ უმოქმედობის გამო მოხდა. „თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო“, - თქვა პრეზიდენტმა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, ყოფილი პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი თითქმის სრულად დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის ინტერესების შესაბამისად მოქმედებას ცდილობს და, მეტიც, მასთან შეთანხმებულია.

„აუცილებელი არ არის, რომ ივანიშვილი მას [პრეზიდენტს] ყველაფერს ავალებდეს, მაგრამ ის შეთანხმებულია და სალომე ზურაბიშვილი მისთვის არის ხიდი, რომ დასავლეთთან ურთიერთობები ბოლომდე არ გაწყვიტოს, მით უფრო სანქციების საკითხის ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაწერის შემდეგ... ასეც არ არის, რომ სანქციების არ შეეშინდეს ბიძინა ივანიშვილს და არ ჩაფიქრდეს ამაზე. მისთვის ეს მძიმე ამბავია - ის პოსტსაბჭოთა ბიზნესმენის ტიპაჟია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ზურაბიშვილი.

ის ასევე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძალიან გაბრაზებული იქნება“ „ქართულ ოცნებაზე“, რადგან საერთოდ საქმე მივიდა მისთვის სანქციების დაწესებამდე. მაგრამ დავით ზურაბიშვილი იმაშიც დარწმუნებულია, რომ დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნება“ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ლანძღავს და ადანაშაულებს - „რაც რუსკი მირისკენ სვლაზე მეტად“, მას „დასავლეთის დაშანტაჟების“ მცდელობა ჰგონია.

პრორუსული კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ახლა ასეთი არჩევანის წინაშე დგას - „ან ბიძინა ან ევროპა. ორივე ერთად აღარ გამოდის“.

ის ამბობს, რომ უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მცდელობები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას დაუკავშირა.

თუმცა აპრილის ვიდეოჩანაწერში, რომელიც ინტერნეტსივრცეში იძებნება, არახამია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას დასავლელ პარტნიორებს იმისთვის სთხოვენ, რომ „აღიკვეთოს საქართველოს ომში ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძმური ხალხი ამას არ ემხრობა“.

ვინ მიდის, ვინ არ მიდის, ვინ სად მიდის

ამ ყველაფრისა და გაერთიანებისკენ მოწოდებების ფონზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროკავშირისკენ გზის მხარდამჭერი კიდევ ერთი, ანუ მეორე აქციის 16 ივნისს დანიშვნამ პოლიტიკურ სპექტრსა თუ საზოგადოებაში ახალი, წინააღმდეგობრივი დისკუსიის საფუძველი გააჩინა.

გაჩნდა შეკითხვაც - ხომ არ იყო ეს პრეზიდენტის განზრახვა - დაესუსტებინა აქტივისტთა მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ 20 ივნისისთვის დანიშნული აქციის მუხტი.

გამოიკვეთა 4 პოზიცია: მიდიან მხოლოდ 20 ივნისის აქციაზე, მიდიან ორივე აქციაზე, მიდიან მხოლოდ 16 ივნისის აქციაზე, არ მიდიან არცერთ აქციაზე.

ცნობილია, რომ არცერთ აქციაზე არ იქნება, მაგალითად: „ქართული ოცნება“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“; ორივე აქციაზე იქნება: „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“; მხოლოდ 20 ივნისის აქციაზე იქნება „ნაციონალური მოძრაობა“.

გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა უკვე განაცხადეს, რომ მივლენ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებულ აქციაზე.

თინა ხიდაშელმა გვითხრა, რომ მართალია, ფიზიკურად ვერ შეძლებს, მაგრამ იდეურად ორივე აქციაზე იქნება და ევროკავშირის მხარდაჭერა ამად ღირს. დავით ზურაბიშვილი კი გვეუბნება, რომ 20 ივნისის აქციაზე ნამდვილად იქნება, ხოლო 16 ივნისთან დაკავშირებით ჯერ არაფერი გადაუწყვეტია.

ის, ვინც პრეზიდენტის აქციას პროტესტს უცხადებს, თავის გადაწყვეტილებას ძირითადად იმით ხსნის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ვითარების განმუხტვის მიზნით, არ გამოიყენა მის ხელთ არსებული სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმი და არ შეიწყალა "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, რომლის დაკავებასაც, თავის ბრიფინგზე, „უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება“ უწოდა.

საზოგადოების ნაწილი მისგან ასევე მოითხოვდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სამკურნალო მიზნებით.

მეთვალყურეების ყურადღება, 15 ივნისს, მიიქცია კიდევ ერთმა ფაქტმა - სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს პრესსამსახურს დაუპირისპირდა - პატრიარქ ილია მეორესთან ვერშემდგარი შეხვედრის ფონზე. რეალური მიზეზები უცნობია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG