Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვბრუნდები საქართველოში, დავიცავ ევროპულ მომავალს - რა შეუძლია პრეზიდენტ ზურაბიშვილს?


10 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ბრიუსელიდან მოულოდნელად გამოჩენილმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ „სახელისუფლებო გუნდიდან“ ევროპარლამენტარების მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა მას ქვეყნის ინტერესების დაცვაში შეუშალა ხელი და საქართველოში ბრუნდება ევროპული მომავლის დასაცავად.

9 ივნისს, როცა ევროპარლამენტარებმა, საქართველოს შესახებ, სტრასბურგში, მწვავე რეზოლუცია დაამტკიცეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად გადაღებული ფოტო ძახილის ნიშნით გამოაქვეყნა.

სწორედ ევროპული საბჭოს 23-24 ივნისის შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

რეზოლუციასთან დაკავშირებული ხმაურისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, 9-10 ივნისს ბევრმა ახსენა სალომე ზურაბიშვილი, 24 ივნისამდე დარჩენილ 2 კვირაში გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე მსჯელობისას.

ექსპერტები ამბობდნენ, რომ სიტუაციის განსამუხტად, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების სწრაფ და ეფექტიან მექანიზმს ფლობს; თუმცა პრეზიდენტმა საბოლოოდ განაცხადა, რომ ამ მექანიზმის გამოყენებას არ აპირებს.

  • მაშინ კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი?
  • როგორ შეუძლია მას „ბავშვების მომავლის“, ანუ ევროპული მომავლის დაცვა?

ისევ - "არა და არასდროს!"

„თუკი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს, ჩემთვის ეს იმის დასტური იქნება, რომ ის მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ნებაზეა დამოკიდებული და ბიძინა [ივანიშვილი] ჯიუტობს“, - ეუბნებოდა რადიო თავისუფლებას, 10 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, ყოფილი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.

მას შემდეგ, პრეზიდენტმა წინასწარი უარი ფაქტობრივად უკვე თქვა.

სულ ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადებით, საზოგადოების ნაწილს შეწყალების მექანიზმის ამოქმედების ვარაუდები გაუჩინა, სალომე ზურაბიშვილმა თავის ფეისბუკგვერდზე დაწერა ცნობილი სიტყვები „არა და არასოდეს!“, რაც მანამდე მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნასთან მიმართებით ჰქონდა გამოყენებული და იქვე მიანიშნა, რომ ახლა ეს სიტყვები მხოლოდ სააკაშვილს არ ეკუთვნის - „არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“

10 ივნისს, „იმედის“ ეთერში მოულოდნელი ჩართვისას, სალომე ზურაბიშვილმა ახსენა სამი გვარი - სააკაშვილი, გვარამია, ივანიშვილი და თქვა, რომ არცერთ მათგანს არ უნდა გადაჰყვეს საქართველოს ევროპული მომავალი. ეს სამი გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში სხვადასხვაგვარად არის მოხსენიებული.

  • რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სადავო განაჩენზე, „რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ მუდმივ უნდობლობას“ და წამოყენებულია განაჩენის გადახედვის საკითხი;
  • ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირების საკითხი და ნათქვამია, რომ მას „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს;
  • ბიძინა ივანიშვილისთვის ევროპარლამენტარები პერსონალურ სანქციებზე მსჯელობის დაწყებას ითხოვენ - რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ივანიშვილს კავშირები აქვს კრემლთან და „დესტრუქციულ როლს“ თამაშობს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში.
ევროპარლამენტარების მიერ მწვავე რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ გაჩაღებულ დისკუსიებში, მოქალაქეების ერთი ნაწილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს პატიმრების - ნიკა გვარამიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებდა.
მეორე სცენარით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია უნდა შეეწყალებინა, ხოლო სააკაშვილის შემთხვევაში, მათი აზრით, შესაძლებელი იყო საერთაშორისო ექიმების ჩამოყვანა და „ჰუმანიტარული მიზნებით“ მის საზღვარგარეთ გადაყვანაზე მსჯელობის დაწყება.
9 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მას არარეალისტურად მიაჩნია სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება, რადგან „მთავარი არხის“ დამფუძნებელი პრეზიდენტის მიმართ „ბილწსიტყვაობდა“.
თავად გვარამიას არასოდეს მოუთხოვია შეწყალება და ამას ის არც აპირებდა.

წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილი ახლა მართავს, ერთი მხრივ - პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ხოლო მეორე მხრივ - „ქართული ოცნების“ ლიდერებს და თანაც ისე, რომ შესაძლოა, ორმა დაპირისპირებულმა მხარემ ამის შესახებ სულ არაფერი იცის.

„მაგალითად, ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი არ იქნებიან შეთანხმებული ერთმანეთთან, მაგრამ ორივე იქნება შეთანხმებული ბიძინასთან. ეს ბიძინას სტილია. ნანახი მაქვს პრაქტიკაში, როგორ აკეთებს ის ამას - ერთს ეუბნებოდა, რომ მის მხარეს იყო, ხოლო ცალკე მეორეს აგულიანებდა ამ პირველის წინააღმდეგ“, - გვეუბნება დავით ზურაბიშვილი.

ის ფიქრობს, რომ გვარამიას შეწყალების გარეშე, პრეზიდენტი, მხოლოდ რიტორიკით, ვერაფერს გახდება.

ვიდრე პრეზიდენტი გზაშია და „ბავშვების მომავლის“, ანუ ევროპული მომავლის დასაცავად თბილისში ჩამოვა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებებში კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სადავო ტონალობები ჩნდება.

მაგალითად, 10 ივნისს, „ქართული ოცნების“ არაერთ წარმომადგენელს მოუწია განმარტებების გაკეთება მათი თანაგუნდელის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ - საქართველომ შესაძლოა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საერთოდ უარიც კი თქვას, თუკი მას ამ სტატუსის გამო „უსამართლო ვალდებულებების“ აღება მოუწევს.

განცხადებამ კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმ ფონზე, როცა „ოცნება“, უკვე ორი დღეა, ლამის მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რომ ევროპარლამენტარების მიერ რეზოლუციაში ასახული პრობლემები და შესასრულებელი პირობები უკიდურესად უსამართლოა.

10 ივნისს პარტიის გენმდივანმა, კახა კალაძემ ისიც თქვა, რომ - ევროპარლამენტარების რეზოლუცია „აბსოლუტურად სამარცხვინო“ და „ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფაა“.

ევროპარლამენტარების დადანაშაულების პარალელურად, „ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივად აქებენ პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მთავარი ამოცანა ახლა ბიძინა ივანიშვილის ქონების სანქციებისგან დაცვაა და ხელისუფლებას ქვეყნის ბედი არ ადარდებს.

კიდევ რა შეუძლია სალომე ზურაბიშვილს?

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, თენგიზ ფხალაძე გვეუბნება, რომ სალომე ზურაბიშვილი, პატიმრების შეწყალების გარდა, სხვა ქმედით ბერკეტს ვერ ფლობს, რაც, 24 ივნისამდე დარჩენილ დროში, მწვავე რეზოლუციის საპასუხო სწრაფ შედეგად ჩაითვლებოდა.

ფხალაძეს ეეჭვება, რომ ზურაბიშვილმა მოახერხოს, მაგალითად, „ქართული ოცნების“ შებრუნება რეფორმების სწრაფად შესრულების სტარტისკენ, რაც აუცილებელია, მაგრამ ანალიტიკოსი ამის მზაობას თავად „ქართულ ოცნებას“ საერთოდ ვერ ატყობს.

„ამ რეზოლუციის მერე, წესით, უნდა იმართებოდეს საგანგებო მთავრობის სხდომა, პარლამენტის შეკრება - დარგობრივი კომიტეტების მაინც... უნდა მსჯელობდნენ, განიხილავდნენ. ეს თემები პირველად ხომ არ გავიგეთ ახლა, რამდენი ხანია [ევროკავშირიდან] ამ პრობლემებზეა საუბარი. სამწუხაროდ, ის რეაქცია, რომელიც ჩვენ [ხელისუფლებისგან] ვნახეთ, არის აბსოლუტურად არაადეკვატური და ვერანაირად ვერ წაადგება პროცესს და ჩვენს ინტერესებს“, - გვეუბნება ფხალაძე.

რეფორმირების პროცესის და განსაკუთრებით, სასამართლო რეფორმის შეფერხება, ევროპარლამენტარების რეზოლუციაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის დასახელებული; ხშირად აღინიშნება, რომ აუცილებელია 19 აპრილის შეთანხმებასთან დაბრუნება და ეს მოწოდება ბოლო დღეებშიც გაისმა.

ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხანგრძლივი და შრომატევადი მედიაციის შედეგად, 2021 წლის 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში, პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა „შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით ცნობილ დოკუმენტს, რომელიც, მათ შორის - საარჩევნო და სასამართლო სისტემების „ამბიციურ რეფორმებს“ ითვალისწინებდა.
თავიდან ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო 3 თვეში მას, პარტნიორების საქმის კურსში ჩაუყენებლად, ცალმხრივად გამოეთიშა „ქართული ოცნება“.

9 ივნისს, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შეხვდა შარლ მიშელს, რომელთანაც მას საკმაოდ ახლო ურთიერთობები აკავშირებს. შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ უკვე 10 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა თავის სატელევიზიო ჩართვაში თქვა, რომ უჭირს საქართველოს ინტერესების დაცვა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული სამწუხარო განცხადებების ფონზე.

ამავე გამოსვლისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მას კიდევ ერთხელ აუკრძალა საზღვარგარეთული ვიზიტები და ამ შემთხვევაში საფრანგეთ-პოლონეთ-უკრაინის მარშრუტზე.

თენგიზ ფხალაძე შეგვახსენებს, რომ საფრანგეთი ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა და სწორედ პარიზზეა დიდწილად დამოკიდებული საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაც; ხოლო სალომე ზურაბიშვილის ფრანგული კავშირების გამოყენება, ფხალაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად შეეძლო.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში კიდევ ერთი სათქმელით ჩამოდის

„ოცნების“ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები ბოლო დროს მნიშვნელოვნად დაიძაბა და სადავო თემები, მათ შორის - საზღვარგარეთ ვიზიტების აკრძალვასა და ელჩების დანიშვნის პროცესის გაჯანჯლებას უკავშირდება.

თუკი პირველ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ „ოცნების“ მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართა, ელჩების საკითხზე სარჩელი უკვე შეტანილია და ეს საკითხი სალომე ზურაბიშვილს იტალიაში სახელმწიფო ვიზიტის დროს, რომში დაეწია.

„ამ ყველაფერზე მე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ამის დრო მოვა, როცა ვიქნები თბილისში და არა [ახლა], როცა ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში“, - უთხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხს“ 8 ივნისს, რომში მყოფმა პრეზიდენტმა.

იტალიიდან ზურაბიშვილი იუწყებოდა, რომ საქართველოს კანდიდატობის მხარდაჭერის მტკიცე დაპირება მიიღო.

როცა ელჩების თემაზე განმარტებების გაკეთების პირობა დადო, 8 ივნისს, ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუცია. იტყვის თუ არა პრეზიდენტი სათქმელს ელჩებზე, ახლა უკვე შეცვლილი ვითარების ფონზე, უცნობია.

„ოცნებიდან“ პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკვე უსაყვედურეს იმის გამო, რომ ბრიუსელიდან გაკეთებულ განცხადებაში, მან ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიასთან ერთად მოიხსენია.

10 ივნისს, „იმედის“ ეთერში, პირდაპირი საგანგებო ჩართვისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა:

„სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც, რეალურად, არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს. მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია კიდევაც უკრაინაში, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ, თუ არა არ იქნებოდა ეს დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი.
მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე და მე თვითონაც, ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ, თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ, ალბათ, არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია - გადავარჩინო მარტომ მთავრობის უმოქმედობა. მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელი არის იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი.
მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG