Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა სარაკეტო სისტემებს გერმანიისგანაც მიიღებს


ფოტო არქივიდან: ამერიკული, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა(HIMARS)
ფოტო არქივიდან: ამერიკული, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა(HIMARS)

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს გერმანიაც გაუგზავნის. ეს ცნობილი გახდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მესამე სხდომის შემდეგ, რომელიც 15 ივნისს ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი და პარტნიორი 50-მდე ქვეყნის მონაწილეობით.

გერმანული მაუწყებელი DW გერმანიის თავდაცვის მინისტრ კრისტინე ლამბრეხტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა ამ ზაფხულს მიიღებს ზალპური ცეცხლის სამ რეაქტიულ სისტემას, MARS II-ს და ასეულობით რაკეტას. ლამბრეხტის ინფორმაციით, ამ სისტემების გამოსაყენებლად სავარაუდოდ, ივნისშივე დაიწყება უკრაინელი სამხედროების გაწვრთნა.

გერმანია ნატოს წევრი მესამე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ივნისის დასაწყისში აშშ-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას(HIMARS), ხოლო დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა უკრაინას გაუგზავნოს ზალპური ცეცხლის სამი რეაქტიულ სისტემ M270.

უკრაინა მხარდამჭერი ქვეყნებისგან მძიმე შეიარაღებით დახმარებას განსაკუთრებით აქტიურად ითხოვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას გადასცემს კიდევ ერთი მილიარდი დოლარის შეიარაღებას. პენტაგონის ინფორმაციით, შეიარაღების ახალ პარტიაში იქნება 155-მილიმეტრიანი 18 ჰაუბიცა, 36 000 ჭურვი, 18 ტაქტიკური მანქანა, HIMARS-ის რაკეტები, სანაპირო დაცვის ორი სისტემა(Harpoon) და სხვადასხვა ტექნიკური საშუალება. პენტაგონის ცნობით, რუსეთის თავდასხმის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 5.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ბრიუსელში, საკონტაქტო ჯგუფის მესამე შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინას არტილერიით და ვერტმფრენებით დაეხმარებიან კანადა, პოლონეთი, ნიდერლანდი და სლოვაკეთი. აშშ-ის ინიციატივით, აპრილის ბოლოს შეიქმნა ცენტრი, რომლის მიზანია უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევა.

15 ივნისს საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას პირველად დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო საკონტაქტო ჯგუფს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიწვევით შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG