Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომ უკრაინაში რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს 2 ამერიკელი


უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურე ხარკოვის ოლქში. 2022 წლის მაისი
უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურე ხარკოვის ოლქში. 2022 წლის მაისი

აშშ-ის მთავრობისთვის ცნობილია ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ქვეყნის ორი მოქალაქე შესაძლოა, უკრაინაში რუსი სამხედროების ტყვეობაშია. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა. მისი განცხადებით, კონტაქტი აქვთ უკრაინის ხელისუფლებასთან, თუმცა, კონფიდენციალურობის მოსაზრებებიდან გამომდინარე, დამატებით ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, ჯონ კირბის თქმით, თუ ამერიკელების დატყვევება სიმართლე აღმოჩნდება, ყველაფერს გააკეთებენ მათ დასაბრუნებლად. კირბის განცხადებით, აშშ ეწინააღმდეგება ქვეყნის მოქალაქეების უკრაინაში საომრად წასვლას. პენტაგონის პრესმდივნის თანახმად, არსებობს უკრაინის მხარდაჭერის სხვა, უსაფრთხო და ეფექტური გზები.

15 ივნისს, ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა და ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა გაავრცელეს ცნობები, რომ ივნისში, ხარკოვის ოლქში, რუს სამხედროებს სავარაუდოდ, ტყვედ ჩაუვარდნენ უკრაინის არმიის შემადგენლობაში მებრძოლი ამერიკელი მოხალისეები ალექსანდრ დრუკე და ენდი ჰიუინი. The Telegraph-ი ინფორმაციის წყაროდ ასახელებს უკრაინაში ამერიკელების თანამებრძოლებს. CNN-ს დრუკეს და ჰიუინის ნათესავებმა დაუდასტურეს, რომ რამდენიმე დღეა მათთან კონტაქტი შეწყდა.

9 ივნისს, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, ეიდენ ასლინს და შონ პინერს და მაროკოს მოქალაქეს, სააუდუნ ბრაჰიმს, რომლებიც უკრაინის არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ და ტყვედ ჩავარდნენ. მათ 2-დღიან სასამართლო პროცესზე გამოტანილი "განაჩენის" გასაჩივრებისთვის 1-თვიანი ვადა მისცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG