Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

თბილისში, რიყეზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართული შეკრების შესახებ ილაპარაკა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში. როგორც ის ამბობს, აქციაზე მოქალაქეთა მცირე რაოდენობის მისვლა მოსალოდნელი იყო.

„რაც ვთქვით რამდენიმე დღის წინ, გამართლდა. ვთქვით, რომ მოუმზადებელი იყო აქცია. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყვნენ: პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები.

როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ, ვიღაცას უნდა შეეკითხო. ელემენტარული ტექნიკური მხარეც რომ ავიღოთ, ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. ასეთი გაფრთხილება თუ არ შედის, მერია ზომას ვერ მიიღებს.

რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ მოუმზადებელი იყო და პირიქით, იქნებოდა კონტრპროდუქტიული, ეს ახდა. ასეთ ინიციატივაში ჩვენ ვერ მივიღებდით მონაწილეობას. 300-კაციანი აქცია სრულიად აცდენილია რეალობას. არა 300 კაცი, არამედ საქართველოში 3.7 მილიონიდან 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ დროს ვხედავთ, რომ 300 მიდის აქციაზე. სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ხოლმე ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია, რომ ევროინტეგრაციის მიმართ მოსახლეობის ასეთი მხარდაჭერის პირობებში, მინიმუმ 200 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა აქციას. ის ფიქრობს, რომ 16 ივნისს გამართული აქციის შედეგი არა ხალხის, არამედ ორგანიზატორის ბრალია. „არც პარტიული და არც არაპარტიული ხალხი არ მივიდა. 300 კაცია არაპარტიული საქართველოში?! - აღნიშნა კობახიძემ და დაამატა, - როდესაც 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ დროს 300 კაცი გამოგყავს, ეს შეცდომაც კი არ არის, დანაშაულია“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს ბრიფინგზე მოუწოდა მოქალაქეებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ შეკრებაზე მისვლისკენ.

დღეს, 16 ივნისს, აქციაზე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად".

პრეზიდენტს მოუწია პასუხი გაეცა შეკითხვისთვის, რომელიც ეხებოდა ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე მისული ხალხის მცირე რაოდენობას.

„ჩემთვის ორგანიზაცია არ ნიშნავს მიკროავტობუსებით აქტივისტების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას და ა.შ. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის. ნელ-ნელა ვისწავლით, დარწმუნებული ვართ ამაში“, - განაცხადა​ ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს, მას შემდეგ მოაწერა, რაც 28 თებერვალს, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ანალოგიური განაცხადი. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე მოთხოვნა 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია, რომლის ნაწილი საქართველოში ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებს შეეხებოდა. დოკუმენტი ასევე მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას, რადგან აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG