"მივესალმები ევროპული კომისიის დასკვნას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს ჩვენს გამარჯვებასთან", - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერში.
ის მადლობას უხდის ევროკომისიის თითოეულ წევრს და მის პრეზიდენტს ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე ევროპული საბჭო ასევე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
მოლდოვის პრეზიდენტი ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ეს არის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
მაია სანდუ აღნიშნავს, რომ მიმართავენ დამატებით ძალისხმევას იმისთვის, რათა დაწყებული რეფორმები განავითარონ და მიიღონ მხარდაჭერა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ პოზიტიური დასკვნის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ბევრად უფრო წინაა გატარებული რეფორმებით, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღო, მაგრამ მას უკრაინისა და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსისთვის აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია.
ირაკლი კობახიძის თქმით, 14 და 30 წლის წინ გაღებულ მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს ევროპელი პარტნიორებისთვის აქტუალობა უკვე დაკარგული აქვს.
ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე
დაწერეთ კომენტარი