რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან საუბარში შეხვედრების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადატანის პერსპექტივების საკითხი დასვა. ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სუნთანოღლუ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვოილერ მოშანუ და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი.
ჟენევის დისკუსიების განახლება განხილვის მთავარი საკითხი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციით, ამ ფორმატის მუშაობა „გაყინულია“, მარტის ბოლოს დაგეგმილი, 56-ე რაუნდის გადადების ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების გამო.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს უნდა გამართულიყო, უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიდო. გაურკვეველია თარიღიც, როდის აღდგება მოლაპარაკებები.
„რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის მიერ გადადგმული ნაბიჯების დესტრუქციულობას, რაც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას. შექმნილ პირობებში ობიექტურად ჩნდება კითხვა, ჟენევიდან შეხვედრის ყველა მონაწილისთვის მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილზე გადატანის აუცილებლობის შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, "შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარების, დასავლეთის ქვეყნების მცდელობების გათვალისწინებით, გადაიტანონ დაპირისპირების ლოგიკა სამხრეთ კავკასიაშიც, უპირობო პრიორიტეტად უნდა დარჩეს თბილისის მიერ ცხინვალისა და სოხუმის მიმართ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება".
„ასევე საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება, მათი შემდგომი დემარკაციით. ამ ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის გარეშე, ამიერკავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზანი ვერ მიიღწევა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე პოზიციის გასარკვევად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებიდან მიღებული ინფორმაცია მასალაში აისახება.
ივნისის დასაწყისში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს ესტუმრნენ. სოხუმში იმედი გამოთქვეს, რომ დისკუსიების შემდეგი რაუნდი ივნისში გაიმართება, ცხინვალში კი განაცხადეს, რომ „ამჟამად ჟენევის დისკუსიების 56-ე რაუნდის ჩასატარებლად გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს.“
ამიერკავკასიაში უსაფრთხოების და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსია 2008 წლიდან იმართება. მასში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, დე ფაქტო აფხაზეთის და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. დისკუსია გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით ტარდება და მისი თანათავმჯდომარეები ამ ორგანიზაციებიდან არიან წარმოდგენილი.
ჟენევის დისკუსია რჩება სოხუმს, ცხინვალსა და თბილისს შორის დიალოგის ერთადერთ პლატფორმად. დისკუსიის გარდა, თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის მეორე პლატფორმაა კარასინ-აბაშიძის შეხვედრების ფორმატი.
დაწერეთ კომენტარი