სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ამბობს, რომ ფეისბუკპოსტში, რომელიც 20 ივნისის აქციის მონაწილეებს შეეხებოდა, სიტყვა "სი*ები" სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში არსებული მნიშვნელობით ჰქონდა გამოყენებული. გამგებლის განმარტება "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
"ჩემი ფეისბუკი არის ჩემი პირადი გვერდი, ეს არ აღნიშნავს არც საზოგადოებრივ და არც პოლიტიკურ აზრს - ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე... არ იყო საჯარო, ჩემი ფეისბუკჯგუფი არის დახურული, ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე არ ვიცი... ის სიტყვა, რომელზედაც თქვენ მთელი ამბავი ატეხეთ... სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს - ეგ სიტყვა, რომელზეც ატეხეთ ამბავი", - ამბობს სამგორის რაიონის გამგებელი.
სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში ვრცელდება თბილისის სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის ფეისბუკპოსტის "სქრინი", რომლის მიხედვითაც, ის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს აგინებს.
"მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გამცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ", - წერია კახა სამხარაძის სახელით გავრცელებულ პოსტში.
ეს პოსტი მის ფეისბუკგვერდზე აღარ იძებნება.
პოსტის შინაარსზე თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ იგი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება და გამგებელს შეუძლია "პირად სივრცეში, რაც უნდა ის გააკეთოს".
"მე შეიძლება არ მომეწონა, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ეს მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში, ადამიანი რასაც უნდა, იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული უმაღლეს დონეზე, ჩვენ ეს მოვახერხეთ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა", - თქვა კახა კალაძემ.
გუშინ, 20 ივნისს, "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე თბილისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ.