რუსეთის სამხედროები მართავენ წვრთნას, რომლის დროსაც აკეთებენ ესტონეთის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშის იმიტაციას. ამის შესახებ 22 ივნისს განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა კუსტი სალმმა ფინეთის გაზეთ Iltalehti-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„რუსეთის ვერტმფრენებმა რამდენჯერმე დაარღვიეს საზღვარი. საქმე ეხება არა გემებს ნაპირიდან ორმოცდაათ მილში ან თვითმფრინავებს, არამედ ვერტმფრენებს. ვერტმფრენი საზღვარს შემთხვევით არ კვეთს“, - თქვა სალმმა.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ ვითარება საკმაოდ სერიოზულია და საზღვარზე რუსეთის მოქმედებების გააქტიურებას უკავშირებს ნატოს სამიტს, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება ესპანეთში, წერს Bloomberg-ი. ამ სამიტზე უნდა მოიწონონ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი.
10 ივნისს რუსეთის ფედერაციის ელჩი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვების გამო ესტონეთის ქალაქ ნარვის შესახებ. ახალგაზრდა მეწარმეების წინაშე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ პეტრე I შვედეთის წინააღმდეგ „ჩრდილოეთის ომის“ დროს შვედეთს ტერიტორიებს კი არ „ართმევდა“, არამედ მათ „იბრუნებდა“. „იგივეა დასავლეთის მიმართულებით, ეს ეხება ნარვას“, - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ პეტრე I „იბრუნებდა და ამტკიცებდა“ ტერიტორიებს და რომ რუსეთსაც მოუწევს მათი „დაბრუნება და განმტკიცება“.
21 ივნისს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა 18 ივნისს საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო.
დაწერეთ კომენტარი