Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდა


ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია

ფიფამ ივნისის სანაკრებო მატჩების შედეგები შეაჯამა და მსოფლიოს რეიტინგი განაახლა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთი თვის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით სამი პოზიციით დაწინაურდა და ახლა ოთხმოცდამეორე ადგილს იკავებს.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ივნისში, უეფას ერთა ლიგაზე ოთხი თამაში გამართა. აქედან სამი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. სტუმრად დაამარცხა ბულგარეთი (5:2) და ჩრდილოეთ მაკედონია (3:0), თბილისში 4:0 სძლია გიბრალტარს. ბულგარელებთან საშინაო მატჩში კი ქულას დასჯერდა - 0:0.

ამ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებმა 20,15 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ახლა მის ანგარიშზე 1296 ქულაა და ოთხმოცდამეერთე ადგილზე მყოფ ბოლივიას ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო უახლოეს მდევარს - გვინეას ასევე ორი ქულით უსწრებს.

მსოფლიოს რეიტინგს სათავეში ბრაზილიის ნაკრები უდგას, 1837 ქულით. მეორე და მესამე ადგილებს კი ბელგია (1821) და არგენტინა (1770) იკავებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG