Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მზად ვართ, ვიაროთ ოპოზიციის მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებში" - პრემიერი


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მთავრობის წევრები მზად არიან, იარონ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიების ეთერებში და მიიღონ მონაწილეობა დებატებში.

24 თებერვალს, დღის 2 საათზე გამართული პრესკონფერენცია პრემიერ-მინისტრის პირველი საჯარო გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა და მხოლოდ პერსპექტივა დაუტოვა იმისა, რომ სტატუსს მისცემს კონკრეტული ამოცანების შესრულების შემდეგ.

"ჩვენ გვინდა საჯაროდ განვაცხადოთ: გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა მზაობა იმის, რომ გარკვეულ თამაშის წესებზე, იმ რაღაც მინიმალურ სტანდარტზე შევთანხმდეთ ჩვენს ოპოზიციასთან, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს თუ არა. თუ ეს წესები არ შეთანხმდა და მათი პოლიტიკა მიზანმიმართული იქნება იმაზე, რომ როგორ არიონ და დაანგრიონ ქვეყანა და გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მათ შორის, მზად ვართ, რომ დიახაც, მათ მიერ მართულ და კონტროლირებად ტელევიზიებშიც ვიაროთ, მოგცეთ ინტერვიუები, გაიმართოს საქმიანი და შინაარსიანი დებატები და არა შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და ჩხუბი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა სწრაფი ტემპით შეასრულოს ევროკავშირის მიერ დასახული ამოცანები საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისანიჭებლად და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ პოლარიზაციის დასრულებაში ოპოზიციის ქმედებები გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციის პარალელურად, თბილისში თავს დაესხნენ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს.

მმართველი პარტიის წევრები ბოლო რამდენიმე წელია მხოლოდ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელეეთერებს სტუმრობენ.

„რატომ არ ვიქცეოდით ასე აქამდე? როცა ადამიანს ცილს სწამებენ, გაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ ობსტრუქციის მოწყობას, ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება განცდა, რომ იქ გამოცლილია ყოველგვარი კონსტრუქციული ელემენტი”, - ასე ახსნა პრემიერმა რიგ ტელევიზიებში სტუმრობაზე უარის თქმა მთავრობის წევრების მხრიდან.

„მე თქვენთან მაქვს ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგი", – უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს და დაამატა, რომ მედიასთან დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG