Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს „მიიღებს ზომებს“ „პრაიდის“ ღონისძიებების დასაცავად


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, უწყება მიიღებს ყველა ზომას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარების უზრუნველსაყოფად.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აცხადებს შსს.

უწყებისვე თანახმად, კვირეულის ფარგლებში დაცული იქნება თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„თბილისი პრაიდმა“ მიმდინარე წელს უარი თქვა საჯარო დემონსტრაციაზე და კვირეულის ფარგლებში მხოლოდ დახურულ ღონისძიებებს აწყობს. ესენია: ფილმის ჩვენება, რეგიონული კონფერენცია და მუსიკალური ფესტივალი.

26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს უსაფრთხოების გარანტიები.

მათივე თქმით, „საზოგადოების პოლარიზაციისა და განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით“, „შეგნებულად და გააზრებულად“ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ჩაატარონ „ღირსების მარში“. თუმცა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ მხრიდან კვლავ ისმენენ ძალადობის მუქარას დახურულ ფორმატში გასამართი ღონისძიებების ჩასაშლელად.

შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" და ურჩევს, თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები:

„უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ“, - აცხადებს კოალიცია.

შსს-მ 6 ივნისს დაიწყო გამოძიება "ალტ-ინფოს" ლიდერების მიერ სავარაუდო მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტზე.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, 27 ივნისს ულტრაკონსერვატორული ჯგუფის ლიდერები ზურა მახარაძე და კოკა მორგოშია პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„პერიოდულად რაღაც კითხვები აქვთ ხოლმე. სავარაუდოდ, „თბილისი პრაიდის“ განცხადება არის შესული. რაღაც სისულელეა“, - უთხრა მახარაძემ „ტვ პირველს“ და დაადასტურა, რომ ძალაშია მათი კონტრ-დემონსტრაცია „პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის წინააღმდეგ.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში ჩაიშალა „ღირსების მარში“ მას შემდეგ, რაც მასობრივად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს 30-ზე მეტი ადამიანი, თუმცა მათ შორის არ არიან ორგანიზატორები.

XS
SM
MD
LG