საქართველოს პარლამენტმა არ დაარეგისტრირა ულტრაკონსერვატორული „ალტ-ინფოს“ ლიდერების ინიციატივა, რომელიც აქციებზე სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირების აკრძალვას ითხოვს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა - რომელთაც პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობაც“ დააფუძნეს - საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი რიგი დარღვევებით წარადგინეს.
„თითოეულ საკანონმდებლო ცვლილებას თავისი განმარტებითი ბარათი უნდა ახლდეს, რაც ამ შემთხვევაში ასე არ არის, - თქვა ქადაგიშვილმა და დაამატა, - კანონპროექტს უნდა დაერთოს პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელშიც ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი და ისინი წარმოდგენილი უნდა იყოს საკანონმდებლო პაკეტის სახით. აღნიშნული პაკეტი კი ამ მოთხოვნების დარღვევითაა წარმოდგენილი“.
კომიტეტს მიმართეს გიორგი ქარდავამ, ზურაბ მახარაძემ, ირაკლი მორგოშიამ, შოთა მარტინენკომ და კონსტანტინე მორგოშიამ. ისინი ითხოვენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას და აკრძალვას აქციებისა, რომლებზეც სექსუალური ორიენტაციის „დემონსტრირება, პოპულარიზაცია ან პროპაგანდა“ ხდება.
ასევე, აქციაზე „რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და მოწოდებების“ აკრძალვას.
ამ მუხლების განმეორებით დარღვევა კი, მათივე აზრით, უნდა ისჯებოდეს სისხლისსამართლებრივად - ჯარიმით ან 2 წლამდე პატიმრობით.
დაწერეთ კომენტარი