Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვაზე რუსეთიდან მასიური კიბერშეტევა განხორციელდა


ლიეტუვის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის განცხადების თანახმად, ორშაბათს ქვეყნის რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტსა და კერძო სტრუქტურაზე კიბერშეტევა განხორციელდა.

კერძოდ, არ მუშაობდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, მიგრაციის დეპარტამენტის, ასევე სატრანსპორტო კომპანიებისა და რამდენიმე მედიასაშუალების ვებსაიტები.

კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის დირექტორის, იონას სკარჟინსკასის განცხადებით, თავდასხმები რუსეთიდან განხორციელდა. კრემლის მომხრე ჯგუფმა Killnet-მა მომხდარზე უკვე აიღო პასუხისმგებლობა. მათ ტელეგრამის არხში გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც მოითხოვენ, რათა ლიეტუვამ მოახდინოს "კალინინგრადის განბლოკვა", წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰაკერების თქმით, შეტევები გაგრძელდება.

იონას სკარჟინსკასი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში, ჰაკერული თავდასხმები შეიძლება განხორციელდეს ქვეყნის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების ვებსაიტებზე.

ჰაკერები თავიანთ განცხადებაში "კალინინგრადის ბლოკადას" უწოდებენ ლიეტუვის უარს რუსული სატვირთო მატარებლების მიერ მისი ტერიტორიის გავლით კალინინგრადის რეგიონში სანქცირებული საქონლის მიწოდებაზე. ესენია ქვანახშირის, ლითონის, ცემენტის, ხის მასალები და მაღალტექნოლოგიური პროდუქცია.

რუსეთმა ვილნიუსის ამ ნაბიჯს „პროვოკაციული“ და „ღიად მტრული“ უწოდა და ლიეტუვისგან სატრანზიტო ტვირთების რკინიგზით მოძრაობის აკრძალვის „დაუყოვნებლივ გაუქმება“ მოითხოვა.

„თუ უახლოეს ხანში ლიეტუვის გავლით, რუსეთის დანარჩენ ტერიტორიასა და კალინინგრადს შორის სრული სახით არ აღდგება სატვირთო ტრანზიტი, მაშინ რუსეთის იტოვებს უფლებას, იმოქმედოს თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG