მდინარაძის განცხადებით, სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე „ქართულ ოცნებას" ტოვებენ
„ქართული ოცნება“ სამმა დეპუტატმა დატოვა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ. ამის შესახებ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა. სამივე დეპუტატი ასევე ტოვებს საპარლამენტო თანამდებობებსაც.
მდინარაძემ დეპუტატების გადაწყვეტილების მიზეზებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სამი დეპუტატის აზრით, საზოგადოების მიმართ „დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით“, არ იყო საკმარისი.
დღის ბოლოს პარტიიდან წასვლის მიზეზი ახსნა თავად სოზარ სუბარმაც „ტვ პირველთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება, რომლის ფონზეც გაჟღერდა განცხადებები, სადაც „პირდაპირ ითხოვდნენ ომში ჩართვას“. სუბარი ამბობს, რომ ამ თემაზე მან უნდა უთხრას საზოგადოებას უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის შესაძლებლობა ჰქონდა, როგორც მმართველი გუნდის წევრს.
სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საზოგადოება საკმარისად ინფორმირებული არ არის. „საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ, როდესაც ხარ მმართველ გუნდში, გაქვს გარკვეული შეზღუდვები და ინფორმაციები, რომლებიც ღიად არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება. ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს. მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე, ეს არ გამოდიოდა, იძულებული ხარ, ანგარიში გაუწიო მეგობრებს“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
„პრაიდის კვირეულის“ პირველ დღეს ელჩები დაესწრნენ
28 ივნისს „პრაიდის კვირეული“ დაიწყო. პირველ დღეს გაიმართა დახურული კინოჩვენება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც დაესწრო. მათ შორის იყვნენ: აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ისრაელის ელჩი რან გიდორი, ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩი ბაჰია თაზიბლი და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ნიკ ბერესფორდი.
„პრაიდ კვირეულის“ პირველი დღე თბილისში ულტრანაციონალისტური და პრორუსული ორგანიზაციების, ასევე, სასულიერო პირების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე მისული სტუმრები, კლუბში რკინის ჯებირებით გაკეთებული კორდონის გავლით ხვდებოდნენ, რომელსაც პოლიცია იცავდა.
როგორია საქართველოს "ევროპული პერსპექტივა": რეფორმები თუ მრავალწლიანი ლოდინი?
საქართველოს 24 ივნისს ევროკავშირმა უთხრა, რომ მისი კარი ღიაა და ახლა ჯერი თავად საქართველოზეა. ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებიან მომდევნო ნაბიჯების გადადგმაში, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, რანაირად. როგორ ეხმარებიან ისინი სხვებს?
2007 წელს ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებისთვის სპეციალური პროგრამა (IPA) შექმნა, რომელმაც ისინი წევრობისთვის უნდა მოამზადოს. 2021 წლისთვის უკვე თითქმის 25 მილიარდი ევრო დახარჯა ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებში.
სამოქმედო გეგმის თანახმად, 2027 წლამდე, ჯამში, კიდევ 13 მილიარდს მიიღებენ როგორც კანდიდატი, ისე პოტენციური კანდიდატი ქვეყნები.
უკრაინა და მოლდოვა ჯერ არ იწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგან მათაც პირობები აქვთ დასაკმაყოფილებელი. მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, ისინი წევრობის კანდიდატები არიან.
„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე, ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით საქართველომ გაირთულა გზა ევროკავშირამდე.
წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.
ომი უკრაინაში: რუსეთმა კრემენჩუკზე იერიში აღიარა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ 27 ივნისს უკრაინის ქალაქ კრემენჩუკზე განახორციელა სარაკეტო იერიში. მოსკოვი ამბობს, რომ მისი სამიზნე იყო "საგზაო მანქანების ქარხანა", სადაც რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებიდან მიღებული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები ინახება.
რაც შეეხება სავაჭრო ცენტრს, რუსეთის განცხადებით, იქ ხანძარი დასავლური საბრძოლო მასალების დეტონაციამ გამოიწვია.
დღეს და ხვალ უკრაინაში კრემენჩუკის მსხვერპლებს გლოვობენ. 28 ივნისის დილის მონაცემებით, დაიღუპა 18 ადამიანი. 36 დაკარგულად ითვლება. სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება. ორი რაკეტა სავაჭრო ცენტრს მაშინ მოხვდა, როდესაც ის ხალხით იყო სავსე.
გუშინ ღამით რუსეთმა დაბომბა ნიკოლაევის ოლქის ქალაქი ოჩაკოვი. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის - თინა კანდელაკს
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ისინი შეეხება ათობით ადამიანსა და კომპანიას, მათ შორის „ბანკ მოსკვის“, გაერთიანებულ ავიასამშენებლო კორპორაციას, „როსტეხს“, „კამაზს“, „ტუპოლევს“ და სხვა თავდაცვით საწარმოებს.
გარდა ამისა, შეზღუდვებში მოყვა ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და მისი ოჯახის წევრები.
მთლიანობაში სიაში შევიდა 45 კომპანია და 29 ფიზიკური პირი.
რამზან კადიროვი "სტომატოლოგიის წინაშე დამსახურებისთვის" პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს
ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი, რომელიც არაერთი სახელმწიფო და სპეციალური ჯილდოს მფლობელია, "სტომატოლოგიის წინაშე დამსახურებისთვის" პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
პროფესიული ჯილდოს მინიჭების გადაწყვეტილება რუსეთის სტომატოლოგთა ასოციაციამ მიიღო.
ჯილდოს მიღების შესახებ ბრძანება რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელ VKontakte-ში, თავის გვერდზე გამოაქვეყნა. კადიროვის დაჯილდოება დროში დაემთხვა გროზნოში სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ახალი შენობის გახსნას.
საპასუხოდ, კადიროვმა პოლიკლინიკის მთავარ ექიმს, იუნუს უმაროვს, გადასცა ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო – კადიროვის ორდენი.
„სამი წელი ვემალე და ახლა შემხვდა“ - საქართველოში "ომიკრონის" ახალი ვარიანტი გამოჩნდა
საქართველოში კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს. გასულ სამშაბათს გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, დღევანდელი, 28 ივნისის კოვიდსტატისტიკა აჩვენებს, რომ უკანასკნელ ერთ კვირაში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1058 შემთხვევა აღირიცხა. გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელიც.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში მითითებულია, რომ ქვეყანაში ძირითადად COVID-19-ის ბოლო შტამის, "ომიკრონის" BA.2 ქვევარიანტი ტრიალებს, ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დადასტურებული შემთხვევების ნახევარი "ომიკრონის" ახალი ქვევარიანტი BA.5-ია.
წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.
როგორ მოვწმინდოთ საბჭოთა სისტემას ევგენი მიქელაძის სისხლი
საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დამაარსებლის ევგენი მიქელაძის დაბადების დღეზე, 27 ივნისს, სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი, რომელშიც 119 წლის წინ დაბადებული მუსიკოსის ყველა მნიშვნელოვანი ბიოგრაფიული დეტალი შეიტანა, გარდა გარდაცვალების, უფრო ზუსტად კი, დახვრეტის ფაქტისა.
არადა, ევგენი მიქელაძის გამორჩეული ცხოვრება და სიკვდილი დიდი ხანია იქცა საქართველოს არა მხოლოდ ისტორიის, არამედ კულტურის ნაწილად. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ მიქელაძეების ოჯახური ტრაგედიის მაგალითზე აიგო თენგიზ აბულაძის „მონანიების“ სცენარი, რომლის მთავარი გმირის, სანდრო ბარათელის პროტოტიპიც ევგენი მიქელაძეა.
ევგენი მიქელაძის ცხოვრება მხოლოდ იმ დეტალებით არ არის მნიშვნელოვანი, რომლებიც შაბლონურად და ფრაგმენტულად, copy-paste-ით გადმოიტანა ვიკიპედიიდან საქართველოს კულტურის სამინისტრომ. ევგენი მიქელაძე, თავისი სიჭაბუკით (34 წლისა დახვრიტეს), ელვარე ნიჭიერებითა და აბსოლუტური უდანაშაულობით - ყელამდე სისხლში გასვრილი საბჭოთა სისტემისა და მის მიერ მოწყობილი რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსხვერპლია, რომლის ბიოგრაფია, განსაკუთრებით კი სიცოცხლის ბოლო დღეები, წარსულის გადააზრების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
ის რაც კულტურის სამინისტროს საიუბილეო პოსტში არ მოხვდა, წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
უკრაინის დასაცავად მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მრავალრიცხოვანი უცხოური დანაყოფი, „ქართული ლეგიონი“, რუსეთის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
27 ივნისს რუსულმა მედიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინაში, ლისიჩანსკთან, გაანადგურეს 14 უცხოელისგან შემდგარი ორი დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი. პირველი ჯგუფი მრავალეროვნული იყო, შედგებოდა ევროპის ქვეყნების მოქალაქეებისგან, მეორეში კი ე.წ. ქართულ ლეგიონში შემავალი დაქირავებული მებრძოლები იყვნენ საქართველოდან.
ამ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა, რომელმაც რადიო თავისუფლებას უამბო, რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება ფართომასშტაბიანი ომის მეოთხე თვის თავზე მის დაქვემდებარებაში მყოფი მოხალისეთა დანაყოფი.