Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი სანქცირებულ ტვირთზე: საქართველოს მთავრობა ამას სერიოზულად ეკიდება


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება სანქცირებული ტვირთის საკითხს. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ მსგავს აქტივობებს აკვირდებიან.

"ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. ჩვენ ვაკვირდებით ამგვარ აქტივობებს ყველგან. ჩვენ ვმუშაობთ სამთავრობო სტრუქტურებთან, საბაჟო და შემოსავლების სამსახურთან, სამინისტროსთან. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამგვარ ანგარიშებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამას სერიოზულად ეკიდება. ჩვენ ძალიან ყურადღების ვაკვირდებით სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას გავაგრძელებთ", - თქვა აშშ-ის ელჩმა.

ამ საკითხს ის გუშინ, 28 ივნისსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სანქცირებული ტვირთის შესახებ ინფორმაცია დიპლომატიური გზებით უნდა გაცვალონ საქართველომ და უკრაინამ და არა მედიით.

"გეთანხმებით, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია და როგორც ადრეც განვაცხადე, ასეთი სახის მსჯელობა, ჩემი ხედვით, მთავრობებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა მედიის მეშვეობით, მედიისთვის საწყენად არ ვამბობ. მაგრამ, ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის დროს, უნდა განიხილებოდეს მთავრობებს შორის. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უპასუხა ამ ბრალდებებს და ბატონ არახამიას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები", - თქვა დეგნანმა 28 ივნისს.

27 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან კომენტარში დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შევიდა გემი, რომლის ტვირთიც სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნოდა, თუმცა საქართველოს საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.

მოგვიანებით, იმავე დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გემის მიერ პორტის დატოვების შესახებ.

თავდაპირველად ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთული იყო რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა. „მთავარზე“ დაყრდნობით ინფორმაცია გამოქვეყნდა უკრაინულ მედიაშიც. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ვებსაიტის ლინკი თავის ტელეგრამის არხზე გააზიარა რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ, შესაბამისი ტექსტით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი ცდილობს სანქციების გვერდის ავლას საქართველოს მეშვეობით.

პირველ მაისს მათ განაცხადეს, რომ, თითქოს, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის მიზნით. მანამდე უკრაინის დაზვერვა აღნიშნავდა, რომ რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს 4 აპრილს უწოდა „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება".

2 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი გამოიძახეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG