რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე პართენიშვილმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რუსთავის საკრებულოს ძალადობაში ბრალდებული წევრისთვის, ვაჟა მორგოშიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3-ათასლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.
მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს აღნიშნა, რომ პროკურატურამ ვერ წარმოადგინა საკმარისი არგუმენტები, თუ რატომ უნდა შეფარდებოდა გირაო ბრალდებულს.
საქართველოს პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან", ვაჟა მორგოშიას, 28 ივნისს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, 12 ივნისს რუსთავში, მორგოშიამ ორ პირთან ერთად მეზობელ ზურაბ ვახტანგაშვილს, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, სცემა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
მორგოშიას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაული.
თავად მორგოშიამ დღევანდელ პროცესზე, რომელსაც მომჩივანი არ ესწრებოდა, დანაშაული უარყო. მან არც გამოძიებას მისცა ჩვენება. სხდომის შემდეგ მორგოშიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა ხელისუფლება ამ ინციდენტს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ბრალდების მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მოსამართლემ წინასასამართლო სხდომა 15 აგვისტოს დანიშნა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
დაწერეთ კომენტარი