პარიზის სასამართლოში დასრულდა 2015 წლის ტერაქტების საქმეზე ბრალდებულთა პროცესი. 29 ივნისს, სასამართლომ ტერორიზმში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა თავდასხმების ერთადერთ, ცოცხლად დარჩენილ უშუალო მონაწილეს, საფრანგეთის მოქალაქეს, 32 წლის სალაჰ აბდესლამს.
პარიზის სასამართლომ ტერაქტების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო კიდევ 18 პირი. ბელგიის მოქალაქეს, მოჰამედ აბრინის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მის თანამოქალაქე მოჰამედ ბაკალის, შვედეთის მოქალაქე ოსამა კრაიემს და ტუნისელ სოფიენ აიარის კი - 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ბრალდებულებს შედარებით ნაკლები ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
2015 წლის 13 ნოემბერს, ექსტრემისტების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში თვითმკვლელი ტერორისტებიც იყვნენ, თავდასხმები მოაწყო პარიზის სტადიონთან, რამდენიმე კაფესა და რესტორანთან და საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანში“. დაიღუპა 130 და დაიჭრა 350 ადამიანი. ჯგუფის რამდენიმე წევრი პოლიციის სპეცოპერაციის დროს მოკლეს. პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.
დაწერეთ კომენტარი