Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის შეფასებით, მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებზე თავდასხმები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილეების მიმართ შესაძლო თავდასხმების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას აქვეყნებს, მათ შორის, ის ეხმაურება თსუს "მაღლივ კორპუსში" მომხდარ ინციდენტს.

„დღეს და გუშინ, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციაზე მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობებისა და მასში მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების შესახებ. კერძოდ, მედიის ცნობით, უფლებადამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროინტეგრაციისა და 3 ივლისს დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოსახლეობას ხვდებიან, საქმიანობის განხორციელებაში ადგილზე მობილიზებული აგრესიული ჯგუფები უშლიან ხელს. ერთ-ერთ მსგავს ძალადობრივ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსშიც", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, გასათვალისწინებელია, რომ კამპანიაში მონაწილე პირებზე თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები, ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულს კი შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე და ემსახურებოდეს აგრესიისა და ძალადობის წაქეზებას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა„შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები, ხოლო დანაშაულის შემცველ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება. ამავდროულად, როგორც ომბუდსმენი აცხადებს, მნიშვნელოვანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს სტუდენტთა უსაფრთხოება, დაწესებულების ტერიტორიაზე მესამე პირთა დაშვების კონტროლისა და ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების გზით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივი კორპუსის" შესასვლელთან დღეს, 30 ივნისს მომხდარ ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. დღეს დილით, 3 ივლისის აქციაზე სტუდენტების მისაწვევად, ახალგაზრდები ბუკლეტებს არიგებდნენ, რაშიც მათ ხელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა შეუშალეს. ადგილზე ისმოდა გინებაც და იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

დაპირისპირება იყო გორში, თელავსა და ხონშიც.

გუშინ, 29 ივნისს, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავიდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს სურთ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის პოლარიზება და არ უნდა უკვირდეთ, რომ მოქალაქეები უპირისპირდებიან.

3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მანამდე კი, მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადის ყველა ის ჯგუფი, რომლებიც ემხრობიან მოძრაობის მოთხოვნებს: გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG