Accessibility links

site logo site logo

“ოთხი HIMARS-ი გვაქვს, 4-საც ველოდებით... გვჭირდება 100“ - გენერალი შაპოვალოვი


ჰენადი შაპოვალოვი

„რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს, ყველაფერს აკეთებს, რომ აღკვეთოს სცენარი, სადაც უკრაინა და საქართველო ნატოს ქვეყნები გახდებიან. არა იმიტომ, რომ ეშინიათ, რომ ნატო დაესხმება თავს რუსეთს, არამედ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი ვეღარ შეძლებს დაესხას თავს ამ ორ ქვეყანას, როდესაც მოეპრიანება”.

„ერთ მხარეს მორდორი გვყავს, მეორე მხარეს კი ცივილიზებული სამყარო, დასავლეთი და ნატო. უკრაინელებმა იციან, რომელი გზა უნდა აარჩიონ, ეს სტრატეგიული პერსპექტივაა. თუ რუსეთს არ გავემიჯნებით, საბჭოთა კავშირ 2.0-ში აღმოვჩნდებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის სამხედრო ძალების ბრიგადის გენერალმა, სამხედრო დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჰენადი შაპოვალოვმა. ვაჟა თავბერიძე მას პრაღიდან ესაუბრა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, რომლის კარდინარულად შეცვლას, გენერლის თქმით, დასავლეთის მეტი სამხედრო დახმარება სჭირდება

თავიდან ჩვენი პარტნიორების „დახმარება“ ლოცვებითა და მისამძიმრებით შემოიფარგლებოდა. ახლა სიტუაცია შეიცვალა - ისეთ შეიარაღებას ვიღებთ, რაზეც მანამდე ვერც კი ვიოცნებებდით.

რადიო თავისუფლება: ამ ეტაპზე, როგორ შეაფასებდით მდგომარეობას ფრონტის ხაზზე აღმოსავლეთსა და სამხრეთში?

გენერალი შაპოვალოვი: სიტუაცია რთულია, რუსეთმა დიდი რაოდენობით ძალები განალაგა ფრონტის ხაზზე. თუმცა მათ ტაქტიკა შეცვალეს, ახლა პატარა, ტაქტიკური რაზმებით ცდილობენ შეტევაზე გადმოსვლას, რათა ჩვენს თავდაცვის ხაზს სუსტი წერტილები უპოვონ. ამავდროულად, რეზერვიც ბლომად რჩებათ - სულ მცირე 20 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი ჰყავთ მზადყოფნაში. მოკლედ, სიტუაცია იდეალურისგან შორსაა.

ფრონტის ხაზი გადაჭიმულია - გაწელილია ხარკოვიდან ხერსონის ოლქამდე. უფრო მარტივად აღსაქმელად - საუბარია 2470 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზზე. როგორც იცით, რუსებმა უკან დაიხიეს კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებიდან, მაგრამ ჩვენ ამ სივრცეებს ვერ ვტოვებთ, რადგან ჯერ კიდევ მაღალია შანსი, რომ რუსები ისევ გადმოვლენ შეტევაზე ამ მიმართულებით. ყველაზე რთული სიტუაცია ამ ეტაპზე გვაქვს ხარკოვთან ახლოს, იზიუმთან, სლავიანსკთან, სამხრეთით - ხერსონის ოლქში და განსაკუთრებით ლისიჩანსკში აღმოსავლეთით.

რადიო თავისუფლება: ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქის ერთადერთ ქალაქად რჩება, რომელსაც დღეს უკრაინა აკონტროლებს, ასეა?

გენერალი შაპოვალოვი: დიახ, ასეა. ის სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მომარაგებისა და სამედიცინო ევაკუაციის რამდენიმე გზა კვლავ გვაქვს, მაგრამ მდგომარეობა მძიმეა. ამის მთავარი მიზეზი კი რუსების აბსოლუტური უპირატესობაა არტილერიის კუთხით - ფრონტის ხაზზე რუსებს სხვადასხვა ტიპის არტილერიის დაახლოებით 1200 ერთეული ჰყავთ განლაგებული.

რუსები არ გაჩერდებიან, უფრო ღრმად შემოვლენ. ნებისმიერი ტაქტიკური წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზე მათ მხოლოდ და მხოლოდ ახალი იერიშისკენ წააქეზებს.

რადიო თავისუფლება: რუსეთი ემზადება სლავიანსკზე იერიშისთვის. რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ ქალაქს? რატომ ცდილობს რუსეთი ასე გამწარებით მასზე კონტროლის მოპოვებას?

გენერალი შაპოვალოვი: სლავიანსკი არის ქალაქი, რომელიც სატრანსპორტო, მათ შორის სარკინიგზო კვანძის ფუნქციას ასრულებს. რუსების ლოგისტიკა და მომარაგება მეტწილად „ლიანდაგზეა მიბმული“, ასე რომ, სლავიანსკის ხელში ჩაგდება მათ ამ კუთხით პრობლემებს მოუგვარებდა და, ამავდროულად, მსგავს პრობლემებს უკვე უკრაინას შეუქმნიდა. ამასთანავე, თუ რუსეთი სლავიანსკს დაიპყრობს, უკვე ძალიან ახლოს იქნება ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ოფიციალურად გაცხადებული მიზნების შესრულებასთან, რომლის მიხედვითაც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები მთლიანად უნდა დაიპყრონ, რაც ნიშნავს, რომ მათი მოწინავე დანაყოფები ხარკოვის ოლქთან ძალიან ახლოს აღმოჩნდებიან. ისიც ცხადზე ცხადია, რომ თუ ისინი დონეცკისა და ლუგანსკის დაპყრობას მოახერხებენ, ამით არ დაკმაყოფილდებიან და გამოთავისუფლებულ ძალებსა და რეზერვებს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ახალი იერიშისთვის გადმოისვრიან. რუსები არ გაჩერდებიან, უფრო ღრმად შემოვლენ. ნებისმიერი ტაქტიკური წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზე მათ მხოლოდ და მხოლოდ ახალი იერიშისკენ წააქეზებს. ამიტომაა სლავიანსკზე კონტროლის შენარჩუნება ასე მნიშვნელოვანი.

რადიო თავისუფლება: როგორი სიტუაციაა ხარკოვთან - როგორ აპირებენ უკრაინელები რუსებს უკან დაახევინონ?

გენერალი შაპოვალოვი: თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ. სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენი კონტროლის ქვეშ. სამწუხაროდ, დანაკარგები დიდია, რუსები განუწყვეტლივ გვბომბავენ. იმ ფაქტმა, რომ HIMARS-ის სისტემები ჩამოგვივიდა და უკვე ვიყენებთ, რუსები საერთოდ გადარია - გაიზარდა დაბომბვების ინტენსივობა მთელი უკრაინის მასშტაბით, ისვრიან ყველა პლატფორმიდან, რაც გააჩნიათ - საჰაერო, საზღვაო - წყალქვეშა ნავებიდანაც კი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გვესროლეს და დღესაც აგრძელებენ.

ამ ეტაპზე ჩვენს ჯარებს თითქმის აღარ შემორჩათ საარტილერიო რესურსი, რათა წინ წავიწიოთ. დამოკიდებული ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებულ შეიარაღებაზე.

რადიო თავისუფლება: როგორც ვიცი, უკრაინა ცდილობს რამდენიმე ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნებას - როგორ მიდის ეს კონტრიერიში? ვინ ვის უტევს ახლა და სად?

გენერალი შაპოვალოვი: რუსები ცდილობენ ხელახალი იერიშის წამოწყებას ხარკოვთან, მაგრამ ჯერჯერობით, მათი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ისინი გამუდმებით უტევენ ლისიჩანსკს - მანამდე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ მიიღო ტაქტიკური უკანდახევის გადაწყვეტილება სევეროდონეცკიდან. ხერსონში უკვე ჩვენ ვუტევთ, ვცდილობთ ტერიტორიების დაბრუნებას, წინ მივიწევთ, პროგრესი არის, მაგრამ არც ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურდა. უნდა ვთქვა, რომ ამის მთავარი მიზეზი ამუნიციის დეფიციტია საბჭოთა პერიოდის საარტილერიო სისტემებისთვის, რომლებიც ჩვენ გვაქვს - მაგალითად, 122-მილიმეტრიანი და 152-მილიმეტრიანი ჰაუბიცები. ეს დიდი პრობლემაა - ამ ეტაპზე ჩვენს ჯარებს თითქმის აღარ შემორჩათ საარტილერიო რესურსი, რათა წინ წავიწიოთ. დამოკიდებული ვართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებულ შეიარაღებაზე. პრობლემებია კომუნიკაციის მხრივაც - ცა დაკეტილია, შესაბამისად, გვიწევს ალტერნატიული გზების პოვნა მომარაგებისა და კომუნიკაციებისთვის, რასაც ბევრი დრო მიაქვს.

რადიო თავისუფლება: უკრაინაში ომის პირველი ფაზის მერე ვზეიმობდით - საფუძველიც გვქონდა. მაშინ რომ გენახათ რუკაზე დღევანდელი მდგომარეობა, დღეს როგორ იქნებოდა საქმე, კმაყოფილი დარჩებოდით?

გენერალი შაპოვალოვი: სულ თავიდან, ერთი ადამიანიც კი არ ვიცი, ვინც დარწმუნებული იყო, რომ გამარჯვება შეგვეძლო. პირველი თვის შემდეგ, როდესაც რუსებმა უკან დაიხიეს, ამან არა მხოლოდ ჩვენ შეგვმატა საკუთარი თავის რწმენა, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიდგომაც შეცვალა. ბევრ მათგანს არ სჯეროდა, რომ რაიმე შანსი გვქონდა და მათი „დახმარება“ ლოცვებითა და მისამძიმრებით შემოიფარგლებოდა. ახლა სიტუაცია შეიცვალა - ისეთ შეიარაღებას ვიღებთ, რაზეც მანამდე ვერც კი ვიოცნებებდით. ურთიერთმოქმედება ძალიან მაღალია.

ნატოსგან, როგორც ორგანიზაციისგან, ჯერჯერობით მხოლოდ თანაგრძნობის სიტყვები გვესმის.

რადიო თავისუფლება: დასავლელი მოკავშირეები იმას და იმ რაოდენობით გაწვდიან, რასაც ითხოვთ?

გენერალი შაპოვალოვი: მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ როცა ჯარისკაცი ომში იბრძვის, მისთვის [შეიარაღება] არასდროსაა საკმარისი და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში არაა ისეთი იარაღი, რაც ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვას გაუტოლდებოდა და მათი დაღუპვის ტკივილს შეგვიმსუბუქებდა. თანამედროვე შეიარაღების მიღებისთანავე, უკრაინული მხარის მსხვერპლმა მნიშვნელოვანწილად იკლო. უკრაინის მცველებს სჭირდებათ გავილებით მეტი შეიარაღება, რათა არა მხოლოდ ჯარისკაცების, არამედ იმ სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაც შეძლონ, ვინც დღემდე იღუპება და იტანჯება, კარგავს სახლ-კარს. მეტი, შორი მანძილის და უფრო ძლიერი შეიარაღება შესაძლებლობას მოგვცემდა, თავდაცვიდან თავდასხმაზე გადავსულიყავით.

რადიო თავისუფლება: კონკრეტულად რა შეიარაღებაზეა საუბარი? როგორ გამოიყურება თქვენი „საყიდლების სია“?

გენერალი შაპოვალოვი: პირველ რიგში, ზალპური ცეცხლის და შორი მანძილის სისტემები. რბილად რომ ვთქვათ, ისინი საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს. ეს სისტემები რომ გვქონდეს, რუსები „ნირს შეიცვლიდნენ“. გენერალი მარკ მილი (აშშ-ის გაერთიანებული სამეთაურო შტაბების ხელმძღვანელი) აცხადებს, რომ ამერიკის მიერ მოწოდებული ზალპური სისტემების წყალობით უკრაინელებმა უკვე 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის „ნეიტრალიზება“ მოახერხეს. და ეს ჩვენი პირველი ჯერი იყო - პირველად ვცადეთ ამ სისტემების გამოყენება. რა თქმა უნდა, რუსებს ფრიად აწუხებთ ეს ამბავი, რადგან ორივე მხარემ მშვენივრად უწყის, რომ მეტი მსგავსი სისტემების მიღება უკრაინის წარმატების საწინდარია.

ქართველებმაც კარგად იცით, რას წარმოადგენს რუსეთის საგარეო პოლიტიკა - ექსპანსია მათ სისხლში აქვთ, არ და ვერ შეიცვლებიან.

რადიო თავისუფლება: ამ ეტაპზე რა რაოდენობით ზალპური ცეცხლისა და შორი მანძილის სისტემები გაქვთ? და რომელმა ქვეყნებმა მოგაწოდეს?

გენერალი შაპოვალოვი: 4 HIMARS-ი მივიღეთ ამერიკელებისგან, კიდევ 4-საც ველოდებით. ბირტანეთმა მოგვაწოდა M270 MLRS-ები - ეს მსგავსი სისტემებია, სხვა პლატფორმაა, მაგრამ ჭურვი თითქმის ერთნაირია. თავის საქმეს აკეთებენ. გერმანიამ დაიწყო Panzerhaubitze 2000-ების მოწოდება. ეს თანამედროვე სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. პოლონეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმაც მოგვაწოდეს შეიარაღება.

რადიო თავისუფლება: რაოდენობა იმიტომ გკითხეთ, რომ მინდა შევადაროთ, რა გაქვთ თქვენ და რა და რამდენი აქვთ რუსებს. დასავლეთიდან მიღებული დახმარება საკმარისია ძალების გასათანაბრებლად?

გენერალი შაპოვალოვი: რუსებს ბევრი რამე აქვთ, სხვადასხვა სისტემა. აქვთ „სმერჩი“, რომელიც მეტ-ნაკლებად იმავე საქმეს აკეთებს - თანაც ასობით, თუ ათასობით არა. აქვთ „ტოჩკა“ და „ისკანდერის“ სისტემები. ასე რომ, შედარებაც არ შეიძლება.

რადიო თავისუფლება: გენერალი ზალიუჟნი დასავლეთს ამუნათებს, რომ დაეხმარონ უკრაინას „საცეცხლე ძალის თანასწორობის” მიღწევაში. რამდენი HIMARS-ი გჭირდებათ ამისთვის?

გენერალი შაპოვალოვი: ვფიქრობ, დაახლოებით 100 მსგავსი სისტემა დაგვეხმარებოდა სიტუაციის უკეთ სამართავად.

რადიო თავისუფლება: მადრიდში ნატოს სამიტი გაიმართა. როგორც უკრაინის ჯარების გენერალი, რას ეტყოდით ალიანსის წევრ ქვეყნებს?

გენერალი შაპოვალოვი: სრული მხარდაჭერა გვჭირდება. რუსული აგრესიის ასალაგმად, რაღაც ეტაპზე ნატოს წევრი უნდა გავხდეთ. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ცალკე ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეაკავებს რუსეთს, ყველას გვჭირდება მოკავშირეები. ნატოში გაწევრების გარეშე, რუსეთი კიდეც რომ შევაჩეროთ ახლა, ვთქვათ, წლის ბოლომდე, ისინი ძალებს მოიკრებენ, უკეთ მოემზადებიან და ისევ დაესხმებიან თავს უკრაინას რამდენიმე წელში. რუსეთი თავისით არასდროს გაჩერდება და ჩვენ ეს გვესმის - ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ალიანსის წევრები ვიყოთ, რუსეთი კი „გააჩერონ”.

ნატოში გაწევრების გარეშე, რუსეთი კიდეც რომ შევაჩეროთ ახლა, ვთქვათ, წლის ბოლომდე, ისინი ძალებს მოიკრებენ, უკეთ მოემზადებიან და ისევ დაესხმებიან თავს უკრაინას რამდენიმე წელში. რუსეთი თავისით არასდროს გაჩერდება.

რადიო თავისუფლება: რასაც ჯერჯერობით ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი ახერხებს ნატოსა და დანარჩენი დასავლეთის „გაჩერებას“, რომ ალიანსში არ მიგიღონ. არ მეთანხმებით?

გენერალი შაპოვალოვი: ცალსახად ასეა. რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს, ყველაფერს აკეთებს, რომ აღკვეთოს სცენარი, სადაც უკრაინა და საქართველო ნატოს ქვეყნები გახდებიან. არა იმიტომ, რომ ეშინიათ, რომ ნატო დაესხმება თავს რუსეთს, არამედ იმიტომ, რომ მაშინ რუსეთი ვეღარ შეძლებს დაესხას თავს ამ ორ ქვეყანას, როდესაც მოეპრიანება. ქართველებმაც კარგად იცით, რას წარმოადგენს რუსეთის საგარეო პოლიტიკა - ექსპანსია მათ სისხლში აქვთ, არ და ვერ შეიცვლებიან.

რადიო თავისუფლება: ამ ეტაპზე რამე გაძლევთ იმის საფუძველს, რომ ნატო გადაწყვეტს დაპირისპირებაში ჩაბმას ბირთვულ ძალასთან უკრაინის ან რომელიმე სხვა ტერიტორიის გამო, რომელიც ნატოს წევრი არ არის?

გენერალი შაპოვალოვი: ალბათ გახსოვთ ნატოს წინა სამიტი - სტოლტენბერგი 20 წუთის განმავლობაში იმაზე ლაპარაკობდა, რომ ნატო არ უნდა ჩაებას ამ კონფლიქტში და რომ ის უკრაინის საზღვრებს არ უნდა გადასცდეს. ნატოსგან, როგორც ორგანიზაციისგან, ჯერჯერობით მხოლოდ თანაგრძნობის სიტყვები გვესმის, უშუალოდ ალიანსისგან რაიმე ხელშესახები დახმარების მოლოდინი არ გვაქვს. იმავეს ვერ ვიტყოდით ნატოს წევრ ცალკეულ ქვეყნებზე, ბევრი მათგანი ძალიან გვეხმარება.

და მაინც, ოპტიმისტურ ნოტზე დავასრულებდი პასუხს: ახლახან მოგვცეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს პირველი ნაბიჯია. ჩვენ არ გვაქვს ილუზიები, რომ ნატოს წევრები ახლო მომავალში გავხდებით, მაგრამ ცხადად გვესმის ისიც, რომ ერთ მხარეს მორდორი გვყავს, მეორე მხარეს კი - ცივილიზებული სამყარო, დასავლეთი და ნატო. უკრაინელებმა იციან, რომელი გზა უნდა აარჩიონ, ეს სტრატეგიული პერსპექტივაა. თუ რუსეთს არ გავემიჯნებით, საბჭოთა კავშირ 2.0-ში აღმოვჩნდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG