Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ანრის დონეზე ვარ... მეც იგივეს გავაკეთებდი


ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "TV პირველის" დირექტორმა ვატო წერეთელმა აშშ-ის საელჩოს ეზოში სათანადო პასუხი მიიღო. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან "TV პირველის" დირექტორზე ძალადობის შესახებ.

"ჩვენ ვიცით [რა უთხრა], მაგრამ ამას არ გავიმეორებთ, პირველ რიგში, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ჩვენ ვერ დავეშვებით ჭუტას [ვატო წერეთლის] დონეზე... ანრის [ოხანაშვილის] დონეზე ვარ ახლაც... იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი. ჩემი პოზიციაც ნათელია - მეც იგივეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ წერეთელმა "კანონისა და ეთიკის ფარგლებში" მიიღო პასუხი.

"რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია, რა თქმა უნდა. იყო უმძიმესი პროვოკაცია, რაზეც კანონისა და ეთიკის ფარგლებში პროვოკატორმა მიიღო პასუხი. ამას სჭირდება სათანადო რეაგირება", - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

"TV პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი ამბობს, რომ გუშინ, 30 ივნისს, აშშ-ის საელჩოს ეზოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

თავად ოხანაშვილი არ უარყოფს წერეთელზე ძალადობას და შემთხვევას ასე აღწერს:

"ჩემთვის მოულოდნელად მოვიდა ეს ადამიანი, წერეთელი, რომელმაც მთხოვა, რომ მეგობრულად რაღაცის თქმა სურდა ჩემთვის და იქნებ, მას გვერდით მისცემოდა საშუალება, რომ ეს ეთქვა. როდესაც მას ვუთხარი, კი ბატონო და ვუსმენდი, რისი თქმაც სურდა, ის მომიახლოვდა და ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები მითხრა, რასაც მე არ და ვერ ვიტყვი, არ გავიმეორებ მე ამას. ეს იყო უბინძურესი პროვოკაცია".

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გამოეხმაურა „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს.

„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG