Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსკოვში ხანძარმა სანახევროდ გაანადგურა რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი


ფოტოილუსტრაცია: რუსეთის სახანძრო ავტომობილი
ფოტოილუსტრაცია: რუსეთის სახანძრო ავტომობილი

რუსეთში, ფსკოვის ოლქში, სოფელ ლიუბანსკში ხანძარმა გაანადგურა კომპოზიტორ ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის მშობლიური სახლის 200 კვ.მ. ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

პირველადი ინფორმაციით, გადარჩენილია შენობის ნახევარი. მსხვერპლი არ ყოფილა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად დასახელდა „სახურავის სარემონტო სამუშაოების დროს ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა“.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინება მუზეუმში ხანძრის შესახებ საღამოს ექვსი საათის შემდეგ მიიღეს. ხანძრის ჩაქრობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

რეგიონის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დიდი კომპოზიტორის კარ-მიდამოს აღსადგენად.

მუზეუმის დირექტორმა, სვეტლანა მელნიკოვამ განაცხადა, რომ ექსპონატები ცეცხლმოკიდებული შენობიდან მუზეუმის თანამშრომლებმა თავად გაიტანეს, გადარჩენილი ნივთები კი განათავსეს ქვის, დაცულ შენობაში.

„მუზეუმის მუშაკებმა გადაარჩინეს უნიკალური ფოტოები და მრავალი ავთენტური ნივთი“, - დასძინა მელნიკოვამ.

რიმსკი-კორსაკოვის მუზეუმ-ნაკრძალი ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია.

XS
SM
MD
LG