გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა და აშშ-მა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვეს სულ მცირე 18 ადამიანის სიკვდილის შემთხვევებისა, რომლებიც მოჰყვა საპროტესტო გამოსვლებს უზბეკეთის ავტონომიურ ყარაყალპაკეთის რეგიონში.
"საპროტესტო აქციების დროს სერიოზული ძალადობის, მათ შორის მკვლელობების შესახებ ცნობები, რომლებიც მივიღეთ, ძალიან შემაშფოთებელია. ხელისუფლებას მოვუწოდებ მაქსიმალური თავშეკავებისკენ", - თქვა მიშელ ბაჩელეტმა 5 ივლისს. "ხელისუფლებას ვთხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიება ცნობებზე ამ კონტექსტში ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულებრივი აქტის შესახებ, მათ შორის სახელმწიფოს აგენტების მხრიდან", - დასძინა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა.
პარალელურად, შეშფოთება გამოხატა აშშ-მაც და ყველა მხარეს მოუწოდა, დაძაბულობას "მშვიდობიანი გადაწყვეტა" მოუძებნონ და ძალადობისგან თავი შეიკავონ.
"ხელისუფლებას მოვუწოდებთ ძალადობის სრულმასშტაბიანი, სანდო და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისკენ, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო ნორმებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი 5 ივლისის განცხადებაში.
უზბეკეთის ხელისუფლების 4 ივლისის განცხადებით, ყარაყალპაკეთში 18 ადამიანი დაიღუპა შეხლა-შემოხლის დროს, რომელიც მოჰყვა დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გარშემო.
დაწერეთ კომენტარი