Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თუ რამე მართლაც ახდენს რუსეთის პროვოცირებას, ეს ჩვენი გაუბედაობაა”- იან ბჟეზინსკი


იან ბჟეზინსკი
იან ბჟეზინსკი

„დღემდე თავიდან არ ამომდის ფოტოგრაფია, რომელზეც ქაბულში ამერიკის საელჩოს სახურავზე გამაგრებული ქართველი სამხედროები საელჩოს შენობას იცავენ. ეს ამოტვიფრულია ჩემს გონებაში და ცხადყოფს, რამდენად ერთგულია საქართველო ნატოსა და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისადმი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მეორე მოადგილემ ევროპისა და ნატოს საკითხებში, იან ბჟეზინსკიმ. ვაჟა თავბერიძემ მას ნატოს მადრიდის სამიტის შედეგებისა და, ზოგადად, უკრაინისადმი დასავლეთის დახმარების შეფასება სთხოვა.

[შვედეთისა და ფინეთის მაგალითი] გვიჩვენებს, რომ ნატოს კარი „მთლიანად ღია არ არის“.

რადიო თავისუფლება: ნატოს მადრიდის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დააანონსა: აშშ-ის მე-5 არმიის კორპუსის მუდმივი შტაბი პოლონეთში, დამატებითი საროტაციო ბრიგადა რუმინეთში და გაძლიერებული როტაციული ძალების განლაგება ბალტიის ქვეყნებში. საინტერესო იქნებოდა თქვენი შეფასება ამაზე.

იან ბჟეზინსკი: ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამით უნდა დავკმაყოფილდეთ. უდავოა, რომ ეს ალიანსის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს, მაგრამ არსებული თავდაცვა მაინც ე.წ. მავთულხლართის თავდაცვაა [Tripwire defense – მხარე, რომელსაც მოწინააღმდეგის შეკავება სურს, საზღვართან სამხედრო ძალების მცირე კონტინგენტს განათავსებს, რითაც აგზავნის სიგნალს, რომ თავდაცვისთვის მზადაა, მაგრამ, ამავდროულად, არ სურს, უსაფრთხოების კრიზისი გამოიწვიოს]. ჩვენ, ვინც უფრო ხისტ შემაკავებელ ზომებს ვლობირებდით, შეიძლება ამით ცოტათი გაწბილებულებიც ვიყოთ, მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო სწრაფი რეაგირების ძალებს 40 000 ჯარისკაციდან 300 000-მდე გაზრდის, რაც კარგი გადაწყვეტილებაა, ნატოს „კუნთებს მატებს“ და ალიანსს, როგორც შემაკავებელ აქტორს, აძლიერებს, მაგრამ... განცხადებასა და რეალობას შორის დიდი განსხვავებაა. თანაც უკვე ათწლეულებია, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მიმართ კითხვები არსებობს - არიან კი ისინი მზად იმ ოპერაციების სრული სპექტრისთვის, რაც ევალებათ? კითხვებს აჩენდა ის ფაქტიც, რომ ჯერ არასდროს გვქონია სრულმასშტაბიანი წვრთნები ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის, სადაც ისინი გვაჩვენებდნენ, რამდენად იქნებოდნენ მზად სცენარისთვის, სადაც მათი გამოყენების აუცილებლობა შეიქმნებოდა.

რადიო თავისუფლება: წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მაინც, უკმაყოფილებას ვერ მალავთ. მაშ, რა უნდა გაკეთებულიყო - თქვენ რა დაგაკმაყოფილებდათ?

თუ მხოლოდ ამერიკელები გზავნიან მუდმივ კონტინგენტს და ზრდიან საროტაციო ძალებს ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, რას აკეთებენ გერმანელები? ფრანგები, ბრიტანელები, ჰოლანდიელები, დანიელები, იტალიელები?

იან ბჟეზინსკი: თუ მეკითხებით, მე რისი ნახვა გამახარებდა, მე გამახარებდა ნატოს ძალების მუდმივი დისლოკაცია პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში. და ამ ძალებში, სულ მცირე, რამდენიმე დასავლეთევროპული ქვეყანა მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი. თუ მხოლოდ ამერიკელები გზავნიან მუდმივ კონტინგენტს და მეტ საროტაციო ძალას ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, რას აკეთებენ გერმანელები? ფრანგები, ბრიტანელები, ჰოლანდიელები, დანიელები, იტალიელები? ანდა პოლონელები და რუმინელები საკუთარი მეზობლების დასახმარებლად? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრუქტურული ცვლილებები მხოლოდ ამერიკის „ხარჯზე“ არ მოხდეს და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში სრულიად ტრანსატლანტიკურმა სივრცემ შეიტანოს წვლილი.

რადიო თავისუფლება: ნატოს ახალ სტრატეგიის დოკუმენტში რუსეთი მთავარ საფრთხედაა მოხსენიებული - ცოტა დაგვიანებული ხომ არაა ამის გააზრება?

იან ბჟეზინსკი: დაგვიანებული კია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს სტრატეგიული კონცეფცია ხუთი ან ექვსი წლის წინ რომ მიგვეღო, უკეთესად გვექნებოდა საქმე რეგიონში. მეტიც, შესაძლოა დღევანდელი კრიზისი - უკრაინის ომიც აგვერიდებინა თავიდან.

რადიო თავისუფლება: ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრების განაცხადმა „დაადასტურა“, რომ ნატოს კარი ღიაა. ოღონდ, ორუელის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, როგორც ჩანს, ეს კარი ზოგისთვის უფრო ღიაა, ზოგისთვის კი - ნაკლებად.

იან ბრჟეზინსკი: მე ასე ოპტიმისტურიც ვერ ვიქნებოდი. გამიძნელდება დათანხმება, რომ ნატოში შვედეთისა და ფინეთის შესვლა იმას მიანიშნებს, რომ ალიანსის კარი ღიაა. ამ ორმა ქვეყანამ სულ რაღაც 3 თვეში შეიტანა განაცხადი ნატოს წევრობაზე და უკვე დაჩქარებული წესით იღებენ, მაშინ როცა [რიგში დგას] უკრაინა, რომელიც დემოკრატიული ქვეყანაა, და დე ფაქტო ნატოს მოკავშირის როლში გვევლინება, ისევე როგორც თქვენი ქვეყანა, საქართველო. დღემდე თავიდან არ ამომდის ფოტოგრაფია, რომელზეც ქაბულში ამერიკის საელჩოს სახურავზე გამაგრებული ქართველი სამხედროები საელჩოს შენობას იცავენ. ეს ამოტვიფრულია ჩემს გონებაში და ცხადყოფს, რამდენად სერიოზულად ეკიდება, რამდენად ერთგულია საქართველო ნატოსა და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისადმი.

მოკლედ, ეს [შვედეთისა და ფინეთის მაგალითი] გვიჩვენებს, რომ კარი „მთლიანად ღია არ არის“. და ეს არ არის კარგი გზავნილი უკრაინელებისთვის, რადგან ეს გზავნილი ამბობს, რომ მათი მისწრაფებები დასავლეთს ისე ახლოსაც არ მიაქვს გულთან, თანაც ეს მაშინ, როდესაც უკრაინელები დასავლეთის, ნატოს ინტერესების დასაცავად საკუთარ სისხლს ღვრიან. მე ვიმედოვნებდი, - და ვიცი, რომ ეს უსაფუძვლო იმედი იყო, - მაგრამ სამართლიანი იქნებოდა, მადრიდის სამიტზე ნატოს უკრაინა გაწევრების გზაზე დაეყენებინა და „MAP”-ი მიეცა. რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, ქვეყნებში შეიჭრას, მათ თავს დაესხას და ამით მათი ნატოში გაწევრება დაასამაროს. ჩვენ რუსეთისთვის ამგვარი ვეტოს უფლების მიცემის ფუფუნება არ გვაქვს.

არ სურთ [საქართველოსა და უკრაინის გაწევრებით] ალიანსში „ომი შემოიტანონ“, რაც, მათი გადმოსახედიდან, ფაქტობრივად მეხუთე მუხლის ამოქმედებასა და რუსეთთან ომს მოასწავებს.

რადიო თავისუფლება: საინტერესო მეტაფორა მოვისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკისგანაც: მან ნატოს ღია კარი კიევის მეტროს ძველ კარებს შეადარა, რომელიც შორიდან ღია ჩანს, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდები, იკეტება და ფულს გთხოვს. რამდენად დაბლა „ჩააჩოჩა“ ამ ომმა კიევისა და თბილისის ნატოში გაწევრების თემა დასავლეთის დღის წესრიგიდან?

იან ბჟეზინსკი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვცდილობ, დავაბალანსო ჩემი იმედები და სურვილი - ეს ქვეყნები ნატოს წევრებად ვიხილო, იმ რეალობასთან, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. ათწლეულებია, მხარს ვუჭერ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრების მისწრაფებებს. ერთი მხრივ, ამ ომმა დასავლეთში ბევრისთვის კიდევ უფრო გაართულა ის, რომ სერიოზულად შეხედონ ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრების მისწრაფებებს, რადგან მათ არ სურთ ალიანსში „ომი შემოიტანონ“, რაც, მათი გადმოსახედიდან, ფაქტობრივად მეხუთე მუხლის ამოქმედებასა და რუსეთთან ომს მოასწავებს, რუსეთთან ომს კი სახიფათო ესკალაციის რისკი ახლავს. ასე რომ, რუსეთის ღია აგრესია სერიოზული დაბრკოლებაა ამ ორი ქვეყნის მისწრაფებებისთვის, ალიანსის წევრები გახდნენ. ზოგისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა „რუსეთის პროვოცირებას“ უდრის. მე ვფიქრობ, ეს მცდარი დასკვნაა - თუ რამე მართლაც ახდენს რუსეთის პროვოცირებას, ეს ჩვენი გაუბედაობაა, ის, რომ ვერ შევძელით ამ ორი ქვეყნის მისწრაფებებს სათანადოდ შევგებებოდით. პუტინისთვის ეს გაურკვევლობა სიგნალია, რომელსაც ის სათავისოდ იყენებდა და იყენებს.

ამასვე მოწმობს ის, რაც ბუქარესტის სამიტზე მოხდა 2008 წელს და, ფაქტობრივად, საქართველოში ომის გამომწვევ მიზეზად იქცა - რადგან პუტინი ამ სამიტიდან გამოვიდა განცდით, რომ დასავლეთი ამ ქვეყანას არ უერთგულებდა. რომ ეს ნაცრისფერი ზონა იყო, რომ ეს იყო შანსი მისთვის და მისი ტერიტორიული ამბიციებისთვის. იმავეს თქმა შეიძლება უკრაინაზეც დღეს. მაგრამ, მეორე მხრივ, ვფიქრობ, დასავლეთზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინელების სიმამაცემ და შეუპოვრობამ. რომელ არხზეც არ უნდა გადართოთ, ყველგან უკრაინელების გამბედაობა, მათი მსხვერპლი, ღირსება, უდრეკი სული აგაღელვებთ - თუ როგორ იბრძვიან ისინი რუსების წინააღმდეგ. როდესაც ნატო ხარ, სწორედ ასეთი მებრძოლები, ასეთი ხალხი, ასეთი ერი უნდა გინდოდეს შენს რიგებში. ასე რომ, გარკვეულწილად ამ ომმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამ ორი ქვეყნის მისწრაფებები ლეგიტიმურია და მათ სარგებლობა შეუძლიათ მოუტანონ ალიანსს. და მაინც, თვალებში შეხედვა და გულახდილად თქმა თუ მომიწევს - უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივებს ამ ომმა ზიანი მეტი მოუტანა თუ სარგებელი, უნდა ვთქვა, რომ ზიანი მეტია.

როდესაც ნატო უარს ამბობს, უკრაინის დახმარების პროგრამაში ოფიციალურად იყოს ჩართული, შთაბეჭდილება რჩება, რომ ნატოს ეშინია.

რადიო თავისუფლება: საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ დავოსის სამიტზე განაცხადა: „ნატო თითქმის არაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად“. საუბარია ნატოზე, როგორც ალიანსზე და არა მის ცალკეულ წევრებზე. დამსახურებულია ეს საყვედური?

იან ბჟეზინსკი: დიახ. ნატო ფორმალურად არაა ჩართული უკრაინის დახმარებაში. მისი დახმარება შემოიფარგლება იმით, რომ ნატო იქცა ფორუმად, სადაც უმნიშვნელოვანესი და ძალიან საჭირო საკითხი განიხილება: როგორ დავეხმაროთ უკრაინას? მაგრამ თავად ეს დახმარება ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მოდის. რატომ? იმიტომ რომ რამდენიმე ნატოს წევრ ქვეყანაში მიაჩნიათ, და ეს მცდარი მოსაზრებაა, რომ - თუ ნატოს განზომილებაც დაემატება უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას, ეს პუტინის პროვოცირებას მოახდენს და მის ნარატივს „გამოკვებავს“. არ ვიცი, საერთოდ რატომ გვადარდებს პუტინის ნარატივი. როდესაც ალიანსი ოფიციალურად, ინსტიტუციურ დონეზე არ არის ჩართული უკრაინის დახმარებაში, ეს პუტინისთვის სისუსტისა და დაქსაქსულობის ნიშანია. ეს პუტინს მხნეობას ჰმატებს. ალიანსს არ აქვს ფუფუნება, რუსეთისგან დაშინებულად გამოიყურებოდეს.

რადიო თავისუფლება: ასე გამოიყურება ნატო დღეს?

იან ბჟეზინსკი: როდესაც ნატო უარს ამბობს, უკრაინის დახმარების პროგრამაში ოფიციალურად იყოს ჩართული, შთაბეჭდილება რჩება, რომ ის დაშინებულია.

ომის დაწყების დღიდან მარტო ევროკავშირმა 90 მილიარდი დოლარი გადაიხადა რუსულ გაზსა და ნავთობში. ასე ვაპირებთ რუსეთის ეკონომიკის „ჩიხში შეყვანას“? ეს სხვა არაფერია, თუ არა შენივე მეზობლის დაპყრობის დაფინანსება. ეს მორალურად არასწორი და სტრატეგიულად უგუნური ნაბიჯია.

რადიო თავისუფლება: დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ სამხედრო დახმარებას როგორ შეაფასებდით - საკმარისი კეთდება რუსეთის უპირატესობის აღმოსაფხვრელად?

იან ბჟეზინსკი: ნაბიჯები სწორი მიმართულებით იდგმება - მაგრამ არის კი ეს დიდი, სწრაფი ნაბიჯები? აი, ეს მაფიქრებს. ვუგზავნით შეიარაღებას, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გაგვეგზავნა. ის, რომ HIMARS-ების მიწოდება 4-დან 8-მდე გავზარდეთ, იმ რეაქციულ, მცირე ნაბიჯების მიდგომაზე - ინკრემენტალიზმზე მიანიშნებს, რაც დასავლეთის მიერ უკრაინისათვის დღემდე გაწეულ დახმარებას მუდმივად თან ახლდა. შეიარაღება მდინარესავით უნდა მიედინებოდეს, ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიგვეწოდებინა, როდესაც რუსები ჯარებს აგროვებდნენ უკრაინის საზღვრებთან. ეკონომიკურ სანქციებთანაც მსგავსი მიდგომა გვაქვს - დროგამოშვებით ახალ სანქციებს ვუმატებთ. ეს სწორი ნაბიჯია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: რუსეთი დასავლეთისგან მილიარდობით დოლარს იჯიბავს ყოველკვირა - ომის დაწყების დღიდან მარტო ევროკავშირმა 90 მილიარდი დოლარი გადაიხადა რუსულ გაზსა და ნავთობში. ასე ვაპირებთ რუსეთის ეკონომიკის „ჩიხში შეყვანას“? ეს სხვა არაფერია, თუ არა შენივე მეზობლის დაპყრობის დაფინანსება. ეს მორალურად არასწორი და სტრატეგიულად უგუნური ნაბიჯია. და ახანგრძლივებს ომს, რომელიც ყოველდღიურად ასობით უკრაინელ სამხედროს საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდება, მშვიდობიან მოსახლეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასეთი მიდგომა კონტრპროდუქტიულია - ერთი, ეს მიანიშნებს უპრინციპობაზე და მეორე - ერთიანი სულისკვეთების ნაკლებობაზე. და, ალბათ, მიანიშნებს შიშზეც პუტინის აგრესიის წინაშე. და ეს ყველაფერი პუტინს მხოლოდ ძალას ჰმატებს, რათა თავის ჰეგემონურ ამბიციებს უფრო მხნედ მისდიოს. ჩვენ გადამჭრელად უნდა დავიწყოთ მოქმედება.

ეს ფაქტობრივად გავეშებული ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას უდრიდა, ამით პუტინი წავაქეზეთ, რომ შეტევა დაეწყო. ეს იყო საშინელი, საშინელი გზავნილი.

რადიო თავისუფლება: თებერვალში, ომის დაწყებამდე აცხადებდით, რომ პრეზიდენტი ბაიდენი უნდა განიხილავდეს სამხედრო შენაერთების გაგზავნას უკრაინაში, რასაც რუსეთზე შემაკავებელი ეფექტი ექნებოდა. ახლა, 4 თვის შემდეგ, როდესაც უკვე ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ ფიქრობთ, რას მოგვიტანდა მსგავსი ნაბიჯი?

იან ბჟეზინსკი: ეს ცხადყოფდა, რომ დასავლეთი უკრაინის და მისი უსაფრთხოების ერთგულია - ამის სანაცვლოდ კი ვნახეთ, როგორ ჩაალაგეს ბარგი ჩვენმა ელჩმა და საელჩოს დანარჩენმა გუნდმა და კიევი დატოვეს, შემდეგ კი დასავლელმა სამხედროებმაც მიბაძეს მათ მაგალითს. - ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც აჩვენა, რომ არ გვქონდა იმედი, რომ უკრაინას, უკრაინულ არმიას შეეძლო რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს ფაქტობრივად გავეშებული ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას უდრიდა, ამით პუტინი წავაქეზეთ, რომ შეტევა დაეწყო. ეს იყო საშინელი, საშინელი გზავნილი. დასავლეთ უკრაინაში რომ შენაერთები შეგვეყვანა, ამით ვაჩვენებდით ჩვენს სიმტკიცეს, ჩვენს პრინციპულობას, და სამხედრო დაგეგმვის გადმოსახედიდან, საქმეს გავურთულებდით პუტინს, რადგან მას მოუწევდა ამ ფაქტისთვის ანგარიშის გაწევა. ეს დაგვეხმარებოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შეჩერებაში. ამის საპირისპირო გავაკეთეთ - მოწინააღმდეგეს, რომელიც შეტევაზე გადმოსვლას გეგმავდა, ვაჩვენეთ, რომ გვეშინოდა. ვიტყოდი, რომ დღესაც შეიძლება მსგავსი ნაბიჯის გადადგმა - საერთაშორისო დანაყოფის შექმნა და დასავლეთ უკრაინაში გაგზავნა, იმ ტერიტორიების გასამაგრებლად, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, ფაქტობრივად ჰუმანიტარული უსაფრთხო ზონის შექმნა. ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ რუსებს: ჩვენ არ შემოვდივართ თქვენთან საბრძოლველად, შემოვდივართ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მათთვის, ვინც თქვენმა თავდასხმამ დევნილებად აქცია. რას მოგვცემდა ეს ყველაფერი? პირველ რიგში, უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიულ გადარჩენას, ავირიდებდით რუსეთის „ტყვე ქვეყნად“ ქცევის სცენარს, რაც დღესაც რეალური საფრთხეა. ცდილობს, უკრაინას „გადაუაროს“ ქვეყანამ, რომლის მიზანია არა მხოლოდ უკრაინული სახელმწიფოს მოშთობა, არამედ უკრაინული ენის, ისტორიისა და კულტურის ამოძირკვა - ეს პუტინის საფირმო სვლაა, ამაზე შეგიძლიათ ჩეჩნებს ჰკითხოთ. და, ამასთანავე, ასეთი ჰუმანიტარული უსაფრთხო ზონა უკრაინელებს საშუალებას მისცემდა, უფრო ეფექტიანად კონცენტრირდნენ რუსების იერიშზე - დღეს მათი ძალები გაწელილია სამხრეთით, აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით, და ეს მათ ეფექტიანობას ამცირებს რუსეთის მთავარ ფოკუსთან მიმართებით, რაც დღეს აღმოსავლეთ უკრაინაა.

ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ რუსებს: ჩვენ არ შემოვდივართ თქვენთან საბრძოლველად, შემოვდივართ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მათთვის, ვინც თქვენმა თავდასხმამ დევნილებად აქცია.

რადიო თავისუფლება: ამ იდეის მოწინააღმდეგეები ალბათ იტყოდნენ, რომ ეს დასავლეთის რუსეთთან ღია კონფლიქტში ჩათრევას უდრის - რას უპასუხებდით?

იან ბჟეზინსკი: ურისკო ვარიანტი არ არსებობს. იმ კურსს, რომელსაც დღეს მივდევთ, თავისი რისკები ახლავს თან, რადგან შესაძლებლობას აძლევს რუსებს, ნელ-ნელა „დაფქვან“ უკრაინელები. არ მგონია, რომ მიუხედავად მთელი ჩვენი დახმარებისა, დრო უკრაინელების მხარეს იყოს - რუსებს ძალიან დიდი „მასა“ აქვთ, და მათი ლიდერი არაფერზე დაიხევს უკან - ის მზადაა საკუთარი ხალხის სიცოცხლის გასაწირად. ჩემი წინადადება არ მოიცავს რუსული დანაყოფების ან პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნას, მეტიც, ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება უშუალოდ პუტინის მისაღები იქნებოდა, მას მოუწევდა, გადაეწყვიტა, უღირს თუ არა უკრაინაზე ბევრად უფრო ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირება. და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უჭირთ რუსებს უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა, მთელი მათი უპირატესობების მიუხედავად, ვფიქრობ, პუტინის ინტერესებში არანაირად არ შედის ნატოს ძალებს ესროლოს.

რადიო თავისუფლება: სიტყვა „ბირთვული“ გამოგრჩათ - თქვენს ოპონენტებს კი ნამდვილად არ გამორჩებოდათ.

იან ბჟეზინსკი: ბირთვული ომი პუტინის ინტერესებში არ შედის. პირველ რიგში, იმაზე მოუწევს „დარდი“, რას უპასუხებს დასავლეთი მსგავს ნაბიჯს. და დასავლეთის ნაბიჯი იქნებოდა უკიდურესად მკაცრი - ყველაზე მცირე, რასაც მიიღებს შედეგად, მისი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია იქნება უკრაინაში. პუტინს არ შეუძლია გამორიცხოს ვარიანტი, რომ დასავლეთი საპასუხო დარტყმას განახორციელებს რუსეთის ტერიტორიაზე, თუკი ის უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამას გარდა, რატომ უნდა გინდოდეს ბირთვული ბომბის დეტონაცია მეზობელ ქვეყანაში, საიდანაც შესაძლოა ქარმა უბრალოდ შენკენვე წამოიღოს „ბირთვული ნაგავი“? ასე რომ, ბევრი მიზეზია, თუ რატომ არ შედის მსგავსი ესკალაცია პუტინის ინტერესებში.

ბირთვული ომი პუტინის ინტერესებში არ შედის.

რადიო თავისუფლება: უკრაინაზე ტაქტიკური ბირთვული დარტყმის პერსპექტივა სხვა საკითხია - დასავლეთი ამბობს, რომ არ სურს სამხედრო კონფრონტაცია ბირთვულ ძალასთან.

იან ბჟეზინსკი: ეს საგულისხმო საკითხია, რადგან დასავლეთის პასუხი პუტინის ბირთვულ მუქარაზე, ვფიქრობ, მთლიანად საერთაშორისო უსაფრთხოებას აზიანებს. პირველად ხდება, როდესაც ნატომ ან შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე უარი განაცხადეს კონკრეტულ კონფლიქტში მონაწილეობაზე, რადგან მათ რუსეთი ბირთვული იარაღით დაემუქრა. როგორ ფიქრობთ, რა გაკვეთილს გამოიტანს ამ ყველაფრისგან პუტინი? მან პირიქით გაამძაფრა თავისი რიტორიკა, როდესაც პუტინს ასე ვუპასუხებთ, ამით პირიქით იზრდება ბირთვული დაპირისპირების შანსი, რადგან ის რწმუნდება, რომ რაც უნდა, იმას მიიღებს, თუ ბირთვული იარაღით დაგვემუქრება. ამას ემატება კიდევ ერთი კითხვა - სხვები, ვინც ამ ყველაფერს ახლა უყურებენ, მათ რა დასკვნები გამოაქვთ „ბირთვული შანტაჟის“ სიკეთეებზე? აქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩინეთს ვგულისხმობ, მაგრამ სხვა ქვეყნებიც ინტერესით აკვირდებიან ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ბირთვული იარაღის მოპოვების იდეა „აწუხებთ“.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG